სამუშაო დღე და კომპიუტერთან გატარებული საათები მხედველობას სერიოზულ ზიანს აყენებს.
ტიპიურ ოფთალმოლოგიურ პრობლემას, როგორიც ახლომხედველობაა და რომელიც ხშირ შემთხვევაში კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას უკავშირდება, გამომშრალი თვალების სინდრომიც დაემატა. მას ზოგადი დისკომფორტით უფრო კონკრეტულად კი თვალში უცხო საგნის არსებობით ახასიათებენ. ამ დაავადების ერთერთი სიმპტომი თვალებიდან მოჭარბებული ცრემლდენაა.
მდგომარეობას განსაკუთრებით ამწვავებს ქარიანი ამინდი და ოთახი, სადაც კონდიციონერია. ექიმები მიიჩნევენ, რომ პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე გზა არსებობს. ერთერთი მათგანი კი ოფთალმოლოგთან გეგმიური ვიზიტია. არანაკლებ მნიშვნელოვანია სამუშაო დღის განმავლობაში თვალების დასვენების ჩვევის გამომუშავება.
სპეციალისტების რეკომენდაციით მათ, ვინც დღეს კომპიუტერთან ატარებს, ჯანმრთელი თვალების შესანარჩუნებლად ნახევარ საათში ერთხელ განტვირთვის წუთები უნდა მოაწყონ. გაიხედეთ ფანჯარაში, ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი – ერთი სიტყვით დაასვენეთ თვალები მონიტორისგან.
ჯანმრთელი თვალების შესანარჩუნებლად კიდევ ერთი აუცილებელი პირობა სწორი კვებაა. გამომშრალი თვალების სინდრომი ხშირ შემთხვევაში A ვიტამინის ნაკლებობით და დაუბალანსებელი კვებით აიხსნება. ამასთან აუცილებელია საკვებ რაციონში ომეგა 3-ით მდიდარი პროდუქტების ჩართვა. არასწორად შერჩეული სათვალეც ხშირ შემთხვევაში გამომშრალი თვალების სინდრომის განვითარებას უწყობს ხელს.
სწორედ ამიტომ პროფესიონალი ოფთალმოლოგის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია, აბსოლუტური უკუჩვენების არმქონე ხელოვნური ცრემლის გამოყენებაც. ის თვალების დატენიანებას უწყობს ხელს და შესაბამისად გამოშრობისგანაც იცავს.