ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კამპანიის „ყველა ბავშვი ოჯახში“ პრეზენტაციას დაესწრო.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, კამპანიის მიზანია, რომ მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან ოჯახურ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მზრუნველობაზე გადასვლა.
„ბავშვთა ზრუნვის მსოფლიო სტრატეგიაში გამოიკვეთა მიმართულება, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან უნდა გადავიდეთ ოჯახურ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოვლაზე და მზრუნველობაზე. დღეს მოხდება სამომავლო გეგმების წარდგენა და ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, როდესაც ოჯახში ან ოჯახურ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გაიზრდება ბავშვი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.