მთავარი » ჯანდაცვა » რატომ ინახავენ ახალშობილის ჭიპლარის სისხლს და რა ღირს საქართველოში მისი შენახვა
ჭიპლარის სისხლს როგორც ძვლის ტვინს, შეუძლია დაავადებების მორჩენა. მითუმეტეს, ჭიპლარის სისხლის ასაღებად მტკივნეული პროცედურების ჩატარება საჭირო არ არის.

რატომ ინახავენ ახალშობილის ჭიპლარის სისხლს და რა ღირს საქართველოში მისი შენახვა

ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ ახალშობილის ჭიპლარის სისხლში არსებული ღეროვანი უჯრედები უამრავ დაავადებას კურნავს.

სწორედ ამიტომ, მშობლების სურვილისა და მატერიალური შესაძლებლობების საშუალებით, ჭიპლარის სისხლის ბანკში, ახალშობილის ჭიპლარის სისხლს წლების განმავლობაში ინახავენ.

სად და რისთვის ინახება ახალშობილის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედი, რა ღირს მისი შენახვა და რომელ დაავადებებს კურნავს, ამ საკითხებზე ALLNEWS.GE ჭიპლარის სისხლის ბანკის, “ჯეოქორდის” სამედიცინო დირექტორს, გოჩა შათირიშვილს ესაუბრა.

-ჭიპლარის სისხლი ეს არის სისხლი, რომელიც რჩება პლაცენტაში, მას შემდეგ, რაც ჩვილი დაიბადება და ჭიპლარი გადაიკვანძება. დიდი ხნის განმავლობაში, პლაცენტა და მასში დარჩენილი სისხლი ითვლებოდა ბიოლოგიურ ნაშთად, მას არ იყენებდნენ და დღესაც ალბათ, 99% შემთხვევაში იშორებენ. თუმცა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სისხლში, რომელიც პლაცენტაში რჩება არის დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის უჯრედები.

ყველას სმენია მოზრდილის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შესახებ თუ რაოდენ მძიმე დაავადებებს ებრძვიან ამით, მათ შორის ლეიკემიას, ლიმფომას, სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს, სულ 80-მდე დაავადებას. აღმოჩნდა, რომ ჭიპლარის სისხლს, ისევე როგორც ძვლის ტვინს, შეუძლია ანალოგიური დაავადებების მორჩენა. მითუმეტეს, ჭიპლარის სისხლის ასაღებად მტკივნეული პროცედურების ჩატარება საჭირო არ არის, საჭიროა მხოლოდ მშობიარობის შემდგომ პლაცენტიდან შეგროვდეს ჭიპლარის სისხლი, სპეციალურ პაკეტებში მოთავსდეს.

თუმცა მხოლოდ მისი აღება საქმეს არ შველის, საჭიროა დამუშავება – ღეროვანი უჯრედების გამოთავისუფლება და შედგომ შენახვა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. თეორიულად მათი შენახვა ათასობით წლის განმავლობაში შეიძლება, თუმცა ჩვენ ამდენი ხნის ისტორია არ გვაქვს.

მათემატიკური მოდელით დადგენილია, რომ სწორად შენახვის შემთხვევაში ღეროვანი უჯრედები არ ზიანდება.

-როგორ და სად ინახავენ ჭიპლარის სისხლს? 

-იმისთვის რომ ჭიპლარის სისხლი შევინახოთ, საჭიროა სპეციალური დაწესებულება, რომელსაც ჭიპლარის სისხლის ბანკი ჰქვია. ამ ბანკში შემოდის ჭიპლარის სისხლი და მუშავდება სპეციალური მეთოდით. შემდგომ უჯრედები უნდა გაიყინოს -130 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე, გაყინული ჭიპლარის სისხლი ინახება სპეციალურ რეზერვუარში -150;-170 გრადუსზე უსასრულოდ, ისე რომ ათეულობით წლების მერე თუ დასჭირდა პაციენტს შეიძლება ამ უჯრედების გადნობა და მისი გადანერგვა.

რაც შეეხება ისტორიას, პირველი გადანერგვა 1988 წელს საფრანგეთში მოხდა. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჭიპლარის სისხლი აღდგენით მედიცინაშიც გამოიყენება. მაგალითად, ბავშვთა ცერებრალური დამბლის შემთხვევაში საკუთარი ჭიპლარის სისხლი ამ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. აშშ-ში დაახლოებით ათი წელია ასეთი მკურნალობა ტარდება. ამერიკის ორ დიდ ცენტრში მიმდინარეობს კვლევა, სადაც ჭიპლარის სისხლი შესაძლოა, ბავშვებმა აუტიზმის სამკურნალოდ გამოიყენონ.

-ამ დროისთვის თქვენს ბანკში რამდენი ახალშობილის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედი ინახება? 

-ათასობით. ჩვენი ბანკი არის ჭიპლარის სისხლის კერძო ბანკი, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ შენახული ჭიპლარის სისხლი გამოიყნება ან თავად მფლობელისთვის ან მისი დედმამიშვილისთვის, იმ შემთხვევაში თუ მშობელს ჭირდება ღეროვანი უჯრედების ტრანსპლატაცია და დონორი ვერ მოიძებნა. ჭიპლარის სისხლის კერძო ბანკი საკმაოდ უნიკალური საშუალებაა. აღდგენით მედიცინაში ძირითადად საკუთარი ჭიპლარის სისხლი გამოიყენება, ხოლო ტრანსპლატაციურ მედიცინაში საკუთარი ან დედმამიშვილის.

-საქართველოში თუ გამოიყენეს ღეროვანი უჯრედები სამკურნალოდ? 

-კონკრეტულად ჩვენთან, ორჯერ იყო მცდელობა, ორივე შემთხვევაში თანდაყოლილი დაავადება იყო, სამწუხაროდ, დედმამიშვილისთვის არ მოხდა თანხვედრა, რადგან, როდესაც ღეროვან უჯრედებს იყენებენ დედმამიშვილისთვის, მათ შორის თანხვედრა 25%-ია.

-რა ჯდება ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვა? 

-პირველი წელი, რომელიც გულისხმობს ჭიპლარის სისხლის შეგროვებას, დამუშავებას გამოკვლევას, ჯდება 780 ევროს ექვივალენტი ლარებში, ხოლო შენახვის ყოველი მომდევნო წელი ჯდება 100 ევროს ექვივალენტი ლარებში. მოქმედებს უპროცენტო და პროცენტიანი განვადებაც.

-როგორია ღეროვანი უჯრედების მსოფლიო პრაქტიკა? 

-მსოფლიოში დღესდღეობით 45 ათასამდე ჭიპლარის სისხლის გადანერგვაა შესრულებული. ყველაზე დიდი ბანკები ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მაგრამ არის ევროპაშიც, მაგალითად გერმანიაში. ძალიან განვითარებულია ეს დარგი ესპანეთში. იაპონიაში კიდევ უფრო, რადგან იაპონიაში ძვლის ტვინის ტრანსპლატაცია და ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაცია ლამის ერთმანეთს გაუთანაბრდა.

მსოფლიოს კერძო ბანკებში 5-დან 6 მილიონამდე ჭიპლარის სისხლი ინახება.

არის საჯარო და კერძო ბანკები, ეს უკანასკნელი დაახლოებით ათჯერ უფრო მეტ ჭიპლარის სისხლს ინახავს, ვიდრე საჯარო. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ საჯარო ბანკში ჩაბარებული ღეროვანი უჯრედები თქვენი აღარ არის, ის არის უანგაროდ ჩაბარებული და საჭიროების შემთხვევაში გასცემენ სხვა პაციენტებზე სხვადასხვა ქვეყნებში. საჯარო ბანკში ჩაბარების შემდეგ, თქვენ მასზე უფლებას კარგავთ.

-შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანს, რომელიც არ არის ღეროვანი უჯრედების მფლობელის ოჯახის წევრი, გამოადგეს ჭიპლარის სისხლი? 

-ამის შანსი ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. ამისათვის უნდა ჩატარდეს სპეციალური კვლევები იმუნოთავსებადობაზე, საჯარო ბანკები ამას აკეთებენ. თუ დაზღვევა ფარავს ამ პროცედურებს, საჯარო ბანკში ერთი ჭიპლარის სისხლის ღირებულება 30 000 დოლარამდეა.

allnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …