ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი „აიპრესის“ კითხვაზე, „თქვენ ხშირად ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას აკრიტიკებთ, თუმცა NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა უწყების მუშაობით კმაყოფილია, ეთანხმებით NDI-ის კვლევას?!“, პასუხობს, რომ NDI ამ შემთხვევაში სწორია.
„როდესაც იხარჯება ამხელა ფული, ბუნებრივია ამას მოჰყვება კმაყოფილება. ჩვენი კრიტიკა, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, ეხება არა იმას, ამდენი ფული რატომ იხარჯება, არამედ იმას, რომ ეს ფული კიდევ უფრო ყაირათიანად იყოს გამოყენებული და ყველაზე ღარიბ მოსახლეობას დავეხმაროთ, თორემ თავისთავად ის, რომ ამხელა ფულს ხარჯავს სახელმწიფო, ზოგჯერ საგარეო ვალების ზრდის ხარჯზე, თავისთავად ამას მოყვება მოსახლეობის კმაყოფილება. NDI არ ცდება, ეს ძალიან ლოგიკური შედეგია ამისი“, – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კითხვაზე, საჯარო პირებისა და ინსტიტუტების შეფასებაზე, გამოკითხული 3,900 პირისპირ ინტერვიუერიდან 35%-ი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობით კმაყოფილია.
NDI-ის კითხვაზე, როგორ შეაფასებდით საჯარო ინსტიტუტების საქმიანობას? გამოკითხულთა 13%-მა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობა ძალიან კარგად შეაფასა. კარგად -35%-მა; საშუალოდ – 34%-მა, ცუდად 8%-მა; ძალიან ცუდად – 1%; არ ვიცი – 9%.