სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა.
ექიმებსა და რაიონული სამსახურის ხელმძღვანელებს კი ახალი მოწყობილობების მოხმარებისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. ინვენტარის გადაცემისა და პერსონალის სწავლების პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა და სახელმწიფო რწმუნებული – სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე დაესწრნენ.
გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი სასწრაფოს ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება. კომპიუტერული მოწყობილობების გადაცემის შედეგად, რაიონულ სამსახურებში ცენტრის პროგრამა ჩაირთვება. მისი მეშვეობით, პერსონალის მორიგეობისა და შვებულების გრაფიკი, ასევე სამედიცინო სახარჯი მასალის ნაშთების რაოდენობა ელექტრონულად აღირიცხება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში ინვენტარის განაწილება 9 მარტს დაიწყო. მომდენო ეტაპზე სამედიცინო და კომპიუტერული აღჭურვილობა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს გადაეცემა.