31 მაისს მსოფლიო თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით სასტუმრო „თბილისი რუმსში“, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით გაიმართება „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, სლოგანით: მსოფლიო თამბაქოს გარეშე – მოვემზადოთ სადა შეფუთვისათვის.
ყოველწლიურად მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების ეპიდემია იწვევს 6 მილიონი ადამიანის სიკვდილს, მათგან 600 000 ადამიანი პასიური მწეველია და თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების შედეგად იღუპება.
იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ადეკვატური ზომები მიღებული, 2030 წლისთვის ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს, მათგან 80% იქნება საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებიდან. თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება, 21–ე საუკუნეში თამბაქოს მოხმარება სავარაუდოდ 1 მილიარდამდე ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს.
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) თანახმად, ამ შეთანხმების ყველა მონაწილე მხარემ უნდა უზრუნველყოს თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვა. სტატისტიკა მოწმობს, რომ იგი წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე ხარჯთეფექტურ საშუალებას თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებლად.