“თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები” – ამ სლოგანით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პრესკონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე”. მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობისა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
“თამბაქოს მავნე ზემოქმედებით მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი იღუპება – 1 ადამიანი ყოველ 6 წამში. თუ მთავრობების მიერ სათანადო ნაბიჯები არ იქნა გადადგმული, 2030 წლისათვის ეს რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს. საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 30% მწეველია; ეწევა მამაკაცთა 55% და ქალთა 5%. თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით აღინიშნება მოზარდებში, რაც საგანგაშოა და გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს.
2013 წლიდან თამბაქოს კონტროლის საკითხი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. შექმნილია თამბაქოს კონტროლის ინტერსექტორული სახელმწიფო კომისია საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიის მიერ შემუშავებულია თამბაქოს კონტოლის ეროვნული სტრატეგია და 5 წლიანი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს მავნებლობისშესახებ”-აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე გაიმართება თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის და ახალი სოციალური რგოლის პრეზენტაცია და თამბაქოსაგან თავისუფალი სამედიცინო, საუნივერსიტეტო და სამასპინძლო დაწესებულებების დაჯილდოება.
პრესკონფერენცია გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიდ საკონფერენციო დარბაზში.