მთავარი » ჯანდაცვა » 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ტუბერკულოზის 3 850 შემთხვევაა რეგისტრირებული
2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ტუბერკულოზის 3 850 შემთხვევაა რეგისტრირებული (პენიტენციური სისტემის ჩათვლით), ანუ 103.3 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ტუბერკულოზის 3 850 შემთხვევაა რეგისტრირებული

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ტუბერკულოზის 3 850 შემთხვევაა რეგისტრირებული (პენიტენციური სისტემის ჩათვლით), ანუ 103.3 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე.

ამის შესახებ აღნიშნულია “ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ” კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტი ავტორები დეპუტატები გიორგი ხეჩინაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე არიან.

“გასული სამი წლის განმავლობაში დოკუმენტირებულია ტუბერკულოზის შემთხვევების აბსოლუტური რიცხვის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია: 2012-დან 2014 წლამდე ტუბერკულოზის შემთხვევების შეტყობინებათა მთლიანი რაოდენობა 22.6%-ით შემცირდა, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობა – 25.7%-ით. მეორე მხრივ, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ წარსულში ნამკურნალევი შემთხვევების წილი ყველა შეტყობინებული შემთხვევიდან 2014 წელს 27.1%-მდე გაიზარდა.

ტუბერკულოზის შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო კვლავ მიეკუთვნება რეზისტენტული ტუბერკულოზის მხრივ “მაღალი ტვირთის” მქონე ქვეყანას. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა წარმოადგენს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ძირითად გამოწვევას და ტუბერკულოზის ეფექტური კონტროლის განხორციელების მთავარ ბარიერს ქვეყანაში.

“ჯანმო”-ს შეფასებით, 2013 წელს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი აღინიშნა ახალი შემთხვევების 11.2%-სა და წარსულში ნამკურნალევი შემთხვევების 38.1%-ში. 2014 წლის საბოლოო მონაცემების მიხედვით, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა და ახალ შემთხვევებში 11.6%, ხოლო წარსულში ნამკურნალებ შემთხვევებში 39.2% შეადგინა.

განსაკუთრებით საყურადღებოა მულტირეზისტენტულ პაციენტებში “შეწყვეტილი მკურნალობის” მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია. 2014 წლის მონაცემებით, მკურნალობა შეწყვიტა რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების თითქმის მესამედმა (32%). ეს მაჩვენებელი 12%-ით აღემატება 2008 წელს მკურნალობაში ჩართული პაციენტების მიერ მკურნალობის შეწყვეტის მაჩვენებელს”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

“ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ” კანონპროექტით დგინდება სავალდებულო გამოკვლევის წესი და პირობები, განისაზღვრება კონკრეტული დავალებები (ნორმატიული ბაზის შექმნა) ჯანდაცვისა და პენიტენციური სამინისტროებისთვის, ასევე შემუშავდა ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პირის იზოლაციის მექანიზმი. პროექტის მიხედვით, არანებაყოფლობითი იზოლაციის პროცესში მონაწილეობს როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ისე სამედიცინო დაწესებულებები და სასამართლო.

medportal.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …