საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასები 9.8%-ით არის გაზრდილი.
ფასების ზრდა ძირითიდად სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ფასის 21%-ით გაზრდას უკავშირდება. ამ პროდუქციის ფასის ზრდა ლარის გაუფასურებითაა გამოწვეული, რადგანაც სამედიცინო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულია.
მთლიანად ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ჯანდაცვის ღირებულების ზრდამ 0.92%-იანი გავლენა იქონია. სულ კი სექტემბერში 5.2%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით ფასები 28%-ით გაიზარდა ხილსა და ყურძენზე, ასევე 13%-ით გაიზარდა ფასები ზეთსა და ცხიმზე.
სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ფასების ცვლილება კი ასეთია:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 4.2%-იანი გაძვირება
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 13.4%-იანი გაძვირება
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 0.5%-იანი გაიაფება
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 7.2%-იანი გაძვირება
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 11.6%-იანი გაძვირება
- ჯანმრთელობის დაცვა – 9.8%-იანი გაძვირება
- ტრანსპორტი – 1.8%-იანი გაიაფება
- კავშირგაბმულობა – 0.6%-იანი გაძვირება
- დასვენება, გართობა და კულტურა – 5.3%-იანი გაძვირება
- განათლება – 3.7%-იანი გაძვირება
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 4.7%-იანი გაძვირება
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 8.5%-იანი გაძვირება
ტრანსპორტის სფეროში ფასების შემცირება ბენზინსა და დიზელზე ფასების მსოფლიო შემცირებას უკავშირდება, საცხოვრებელი სახლის მოვლა-შენახვის გაძვირება კი – სემეკის მიერ ელექტროგამანაწილებლებისთვის გაზრდილი დენის ტარიფის დადგენას.