მთავარი » ახალი ამბები » ზურაბ ტყემალაძე: PPP მოდელი ნიშნავს საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთკონტროლს, რაც განაპირობებს პროექტის წარმატებას
იგეგმება სამი საავადმყოფოს რეაბილიტაცია,საკითხს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ეხმაურება.

ზურაბ ტყემალაძე: PPP მოდელი ნიშნავს საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთკონტროლს, რაც განაპირობებს პროექტის წარმატებას

მას შემდეგ, რაც საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოცხადდება, იგეგმება თბილისის სამი საავადმყოფოს რეაბილიტაცია, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვა და მედპერსონალის გადამზადება.

ტენდერში მონაწილე კლინიკებია: ბავშვთა ინფექციური და რესპუბლიკური საავადმყოფოები და ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი.

საკითხს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ეხმაურება:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. დავიწყოთ ონკოლოგიური საავადმყოფოთი, რომლის პრობლემებიც კარგად ვიცით. ჯერ თითქოს გასხვისდა და ინვესტორის ხელში გადავიდა, მაგრამ ახალმა მფლობელმა ვერაფერი გააკეთა და ხელისუფლებამ უკან დაიბრუნა. დღეს ეს კლინიკა ისევ სახელმწიფოს ხელშია და მნიშვნელოვანია, რომ მან იზრუნოს საავადმყოფოს რეაბილიტაციაზე. მოგვიანებით, სამი საავადმყოფოსთვის ინვესტორის მოძიებაში საპარტნიორო ფონდი ჩაერთო, რომელიც თვითონაც იქნება ჩართული ამ ბიზნესსაქმიანობაში.

რაც მეტ საავადმყოფოს ეყოლება პროფესიონალი პერსონალი, რასაკვირველია, უკეთესი იქნება. მითუფრო, როდესაც საქმე ეხება ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს, ონკოლოგიურ ცენტრს და რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც საკმაოდ დიდი სამედიცინო ცენტრია. სამივე მათგანი საჭიროებს გაჯანსაღებას და რეაბილიტაციას, ამიტომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია“.

ზურაბ ტყემალაძე მიესალმება იმასაც, რომ აღნიშნული პროექტი კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელით განხორციელდება:

„მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ამ პროექტში თანაბრად მიიღებს მონაწილებას სახელმწიფო და კერძო სექტორი. უფრო მეტიც, საპარტნიორო ფონდის პრინციპი სწორედ ესაა, რომ პირველ ეტაპზე ჩართული იყოს კერძო სექტორთან ერთად, ხოლო შემდეგ კერძო კომპანიას აქვს საშუალება, გამოისყიდოს წილი,საპარტნიორო ფონდი კი დაკავდეს სხვა საქმიანობით.

რადგან ორივე მხარე იქნება დაინტერესებული, იქნება ურთიერთკონტროლი და ეს განაპირობებს პროექტის მეტ წარმატებულობას,“ – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …