ფარმაცევტულმა კომპანიებმა მოსალოდნელი გაკოტრების თაობაზე ოფიციალურად განაცხადეს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, რომ ეს განცხადება უგუნურია და მხოლოდ ბრიყვებზეა გათვლილი:
“ფარმაცევტული კომპანიების დირექტორების განცხადება იმის შესახებ, რომ ლარის დევალვაციიდან გამომდინარე, გაკოტრების წინაშე აღმოჩნდნენ, ვფიქრობ, რომ ბრიყვებზეა გათვლილი. მათ ალბათ ჰგონიათ, იმდენად უგუნურები არიან ადამიანები, რომ ამ განცხადებებზე შეიძლება ოდნავ მაინც სერიოზული რეაგირება მოახდინონ.
დღეს ფასთა სხვაობა არის უზარმაზარი.ის ინვოისები, რომლითაც ისინი მედიკამენტებს იღებენ ფუძე ქარხნებიდან და ის ფასები, რომლებიც არის საქართველოში, ფანტასტიკურად განსხვავებულიაამაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ თვითონ მწარმოებლებიც, თუ როგორ ფასად აძლევენ მედიკამენტებს და საქართველოში რამდენჯერ ძვირად ყიდიან. ეს აბსოლუტურად არასწორია. მითუმეტეს მიზეზად, ლარის კურსის დასახელება კი, დანაშაული.
ბაზარი კონკურენტული რომ იყოს და არა ოლიგოპოლიური, მაშინ ისინი ასეთ ძარცვის კომპანიებად არ გადაიქცეოდნენ. ეს ფარმაცევტული კომპანიები დღეს არიან ყველაზე დიდი წურბელები საქართველოში, რომლებიც ამ გაღატაკებულ ქვეყანას კიდევ უფრო მაქსიმალურად აღატაკებენ.
სიღარიბემ იცის ჯანრთელობის პრობლემები და ამიტომ ათასობით ადამიანს სჭირდება მედიკამენტები ყოველდღიურად. ასევე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არსებობს კავშირები ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის, მაშინ არ უნდა გვიკვირდეს ეს მდგომარეობა“.
ექსპერტს მიაჩნია, რომ ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებაში დიდი წვლილი სახლემწიფომ უნდა შეიტანოს, შექმნას მსხვილ იმპორტიორებსა და წვრილ მეწარმეებს შორის ბალანსი:
„ფარმაცევტულ კომპანიებს თავისუფლად მუშობის შესაძლებლობა არ უნდა მისცე, სწორედ, ხელისუფლების ბრალია, რომ ათეული წლების მანძილზე ჩამოყალიბდა ოლიგოპოლია, შედეგი კი ის გახლავთ, რომ წამლების ფასები არანორმალურია და მუდმივად მიიწევს ზევით სტაბილური მაღალი ტემპით“.
დემურ გიორხელიძე ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არარსებობის პრობლემას ხელისუფლების უუნარობას უკავშირებს. რაც შეეხება ბაზარზე ახალი მოთამაშე ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ გამჩენას, რომელიც, როგორც კომპანიაში აცხადებენ, 30 პროცენტით იაფად ღირებულ ჯენერიკებს შემოიტანს, ექსპერტი კონკრეტული ანალიზისგან თავს იკავებს.
ამ ფონზე ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სწორედ ახალი კომპანიის გამოჩენას შეიძლება უკავშირდებოდეს არსებული მოთამაშეების მხრიდან გაკოტრებასთან დაკავშირებული განცხადებების გაკეთება. ამასთან დაკავშირებით ექსპერტი განმარტავს:
„ლოგიკა აქ ძალიან მარტივია. ოლიგოპოლიური ბაზარი არ არსებობს ხელისუფლებების მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ ხელისფლებამ რომ ერთნაირი თამაშის წესები დაამკვიდროს და მყარი იყოს თავის პოზიციებში, ინფორმაცია გახდეს საჯარო, რომ არ ხუმრობს ხელისუფლება და თამაში იქნება ცივილიზებული წესების დაცვით, ეს ძალიან კარგი იქნება და მივესალმები.
ჩვენ ნაკლებად უნდა ვუსაყვედუროთ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგემლებს, რადგან ისინი აკეთებენ იმას, რის უფლებასაც ხელისუფლებამ წლების წინ მისცა“.