ფარმაცევტული კომპანიები ლარის დევალვაციის ფონზე წარმოქმნილ კრიზისზე საუბრობენ, ამასთან ერთად, ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია, ,,ჰუმანითი ჯორჯია“ გამოჩნდა დაბალი ფასებითა და ჯენერიკ მედიკამენტებით, რომელთა გაყიდვაც სააფთიაქო ქსელებში უახლოეს მომავალში დაიწყება.
საინტერესოა, რას ფიქრობენ ჯანდაცვის ექსპერტები არსებულ ვითარებაზე, რამდენად რეალურია არსებული მოთამაშეების განცხადება კრიზისთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის ექსპერტი თეგიზ ვერულავა გვესაუბრა:
„ზოგადად, ფარმაცევტული ბაზარი თითქმის ყველა ქვეყანაში არის პრობლემებით სავსე. ყველა ბაზარს ნორმალური განვითარებისათვის სჭირდება კონკურენტული გარემო. ჯანდაცვის ბაზარი თავისთავად ოლიგოპოლიური ბაზარია და ამიტომაც გვაქვს რეალობა, რომ ფასები ამდენად მაღალია მედიკამენტებზე. ერთადერთი ეფექტური მეთოდი მედიკამენტების ფასის შემცირებისა არის კონკურენცია.
კვლევებიც გვიჩვენებს, რომ საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი არის ოლიგოპოლიური. აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანია შემოვიდეს.
წელს, ახალი კომპანია, ,,ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვიდა ჩვენს ბაზარზე. აბსოლუტურად დადებით მოვლენასთან გვაქვს საქმე. მთავარია, რომ მომავალში ეს კომპანიაც არ გაურიგდეს სხვა მოთამაშეებს. რაც უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკა ექნებათ ახალ მოთამაშეებს, მით უფრო კარგი იქნება მოსახლეობისათვის. ფასების დაწევას კი ჯანსაღი კონკურენცია გამოიწვევს“.
ექსპერტს მიაჩნია, რომ ზოგადად, სახელმწიფომ არაპირდაპირი ჩარევა უნდა განახორციელოს ფარმაცევტულ ბაზარზე. უნდა დაავალდებულოს ისინი, რომ გამოაქვეყნონ, თუ რა ფასად შენმოიტანეს წამლები და რა ფასად ყიდიან.
„ლიბერალი ვარ და არ მიყვარს პირდაპირი ჩარევა, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია ამ გზით ფასწარმოქმნის პროცესი გამჭირვალე გახადოს, გარკვეული კონტროლი დააწესოს მოგების მარჟაზე.ან კონკრეტული მედიკამენტები ჩართოს საყოვერლთაო ჯანდაცვის პროგრამაში და სწორედ მათ დაუწესოს მოგების ზედა ზღვარი.
ნება უნდა არსებობდეს ამისი , თორე რეალურად შესაძლებელია ამ პროცესის რეგულირება“, – განმარტა თენგიზ ვერულავამ.