ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული “ანაზღაურების უფსკრული”, ანალიტიკოსების შეფასებით 2 186 წლამდე არ აღმოიფხვრება და პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება, თუმცა არის მსოფლიოში პროფესიები, სადაც დასაქმებულ ქალებს, მამაკაცებზე არანაკლები შემოსავალი აქვთ და ხშირ შემთხვევაში მათ აჭარბებენ კიდეც.
Businessinsider-ის მიერ შედგენილი რეიტინგის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით, ქალბატონებისთვის ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიად კვლავ ექიმობა რჩება, სადაც საშუალო წლიური შემოსავალი – 173 000 ამერიკული დოლარია. აღნიშნულ სექტორში დასაქმებული ქალების რაოდენობა კი, დაახლოებით 49 პროცენტს აღწევს.
რეიტინგში პროფესიები შემოსავლების, შრომის ბაზარზე მოთხოვნის, ხელფასის ზრდის პოტენციალისა და სამუშაოთი კმაყოფილების მაჩვენებლის მიხედვით არის დალაგებული. სწორედ კმაყოფილების კრიტერიუმითაც განისაზღვრა ექიმი საუკეთესო პროფესიად. ანუ ამ სფეროში დასაქმებული ქალბატონების 60% კმაყოფილია თავისი პროფესიით.
მეორე ადგილზე კი ისევ სამედიცინო სფეროს პროფესიები მოხვდა, – ექთნები, ფარმაცევტები, ფსიქოლოგები და დიეტოლოგები, რომელთა წლიური შემოსავალი 152 000 დოლარამდე აღწევს, თუმცა ცხადია, საუბარია მაღალი კვალიფიკაციისა და პრაქტიკის მქონე ქალბატონებზე. რიგით მესამე პროფესია კი, მარკეტინგის დარგში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაა – საშუალოდ 123 000 ამერიკული დოლარით.
რეიტინგზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მანდილოსნებსა და მამაკაცებს შორის ხელფასების სხვაობა თანდათან მცირდება და თუკი აქამდე მანდილოსნების ხელფასი მამაკაცების 80%-ს შეადგენდა, დღეს უკვე ქალბატონებმა შეძლეს სახელფასო პარიტეტის მიღწევა მამაკაცებთან, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ჯერჯერობით მომსახურების სფეროში დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები ძირითადად კვლავ ქალბატონებს უკავიათ, თუმცა რა თქმა უნდა, ზოგიერთ, სავსებით მომგებიან პროფესიებში ქალბატონებმა შეძლეს სახელფასო პარიტეტის მიღწევა მამაკაცებთან.
პირველ ხუთეულში ასევე, გარდა ჩამოთვლილი პროფესიებისა, სახელდება იურისტისტებიც და მენეჯერებიც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იურისტის საშუალო ანაზღაურება 112 000 დოლარია, ხელფასის ზრდის პოტენციალი მხოლოდ 10%-ს შეადგენს, ხოლო ექიმის შემთხვევაში – 26-36%-ს.
რაც შეეხება ქართულ რეალობას, – 2015 წლის მონაცემების თანახმად, ბიზნესში საშუალო წლიური შემოსავალი 10 765 ლარია და აქედან ქალებზე მხოლოდ 24 პროცენტით ნალკლები მოდის, ანუ მანდილოსნების საშუალო წლიური ანაზღაუება, სულ 8 160 ლარს შეადგენს.