სადაზღვევო სექტორი მიესალმება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებას ინდუსტრიასთან კომუნიკაციის მზაობის შესახებ. როგორც პსპ დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა სოფო ლებანიძემ „ბიემჯისთან“ საუბარში განაცხადა, თუ სამინისტროსთვის არსებობს დისკომფორტი კომუნიკაციის ფორმატთან დაკავშირებით, სექტორი გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს დისკომფორტი აღმოიფხვრას და დისკუსია გაიხსნას.
ლებანიძის თქმით, განსახილველ საკითხებს შორისაა „დიარჯი“ მეთოდთან კერძო სადაზღვევო სექტორის ინტეგრაცია, ასევე საყოველთაო პროგრამაზე კერძო პაკეტის „დაშენების“ უფლების ყველა მოქალაქისთვის მიცემა.
„დღეს საყოველთაო ჯანდაცვის ოპერირების მოდელი შემდეგია: არის მოსახლეობის რამდენიმე კატეგორია, რომელიც, თუ ჩაერთვება საყოველთაოს გარდა კორპორატიულ დაზღვევაში, არ დაკარგავს სახელმწიფო პროგრამის სარგებელს. ეს კატეგორია არაა ბევრი. ყველა ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, როცა სამედიცინო მომსახურების რისკები ზრდადია. ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება სამედიცინო რისკებთან გამკლავების პრობლემა. ჩვენი ხედვა ისაა, რომ ყველა მოსარგებლეს, თითოეულ მოქალაქეს მიეცეს საშუალება, საკუთარი ჯანმრთელობის რისკები უკეთესად მართოს, ყველას ჰქონდეს უფლება, გარდა საყოველთაო ჯანდაცვის სარგებელისა, მიიღოს კორპორატიული დაზღვევის შეღავათები,“ – განმარტა ლებანიძემ.
მისივე თქმით, დიარჯი უშვებს ბენეფიციარის მიერ სახელმწიფო დაფინანსების სარგებელზე ერთჯერადად უარის თქმას და უკვე არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე უარს ამბობს საყოველთაო ჯანდაცვაზე და ხარჯები სადაზღვევო პოლისით უნაზღაურდება.
სოფო ლებანიძის განცხადებით, ამ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროსგან მკაფიო უარი არ მოუსმენიათ და სექტორს სურს უწყებასთან ამ საკითხზე ძალიან აქტიური კომუნიკაციის დაწყება. როგორც ლებანიძე ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან ამ თემაზე არ არსებობს პოზიცია, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან, მაგრამ არც მკაფიო პოზიციაა, რომ თანახმანი არიან. ამიტომ ინდუსტრიას სურს პოზიციების შეჯერება და აქტიური კომუნიკაციის დაწყება მითუმეტეს, რომ ესაა საკითხი, რაზეც ბიზნესს და სახელმწიფოს აქვთ ერთგვაროვანი დამოკიდებულება.
შეგახსენებთ: მოქალაქეთა ნაწილს (1000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს) არ აქვს საყოველთაოს პარალელურად კერძო დაზღვევის შეძენის, ანუ საყოველთაო პაკეტის გაუმჯობესების უფლება. ასეთი უფლება მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას აქვს, თუმცა ესაა შედარებით მოწყვლადი კატეგორია (სოცდაუცველები, ბავშვები, შშმ პირები, დევნილები), რის გამოც ამ უფლებით მათი მხოლოდ მცირედი ნაწილი სარგებლობს. ექსპერტები და თავად სადაზღვევო ინდუსტრია მოითხოვს, ეს უფლება ყველა მოქალაქეს ჰქონდეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის პოზიცია ამ საკითხზე ასეთია:
„სანამ დიარჯი სისტემაზე გადავიდოდით, სადაზღვევო სექტორის მხრიდან ჩვენთან კონკრეტული ინიციატივები არ დაფიქსირებულა ან შეხვედრაზე ან ურთიერთობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დაშენების ნაწილს, იცით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფებისთვის დაშენების პრინციპი ისედაც გათვალისწინებულია. დაახლოებით მილიონ ორასი ათას ბენეფიციარს დაშენება უკვე შეუძლია. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მათ (სადაზღვევო კომპანიებმა) უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ, რადგან დაზღვეულების რაოდენობა საკმაოდ დაბალია ამ დაშვებულთან მიმართებაში. ვფიქრობ, ჯერ ამ ნაწილში ამოწურონ რესურსი და მომავალში შესაძლებელი იქნება, სხვა ბენეფიციარებზეც გავავრცელოთ. თუმცა თუ რაღაც კონკრეტული შემოთავაზება იქნება, რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნება, არცერთი საკითხი გამორიცხული ნამდვილად არ არის.“