მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ყველა სამედიცინო ჩანაწერი ეტაპობრივად ელექტრონულ ფორმატზე გადავა
უკლებლივ ყველა სამედიცინო ჩანაწერი, ეტაპობრივად ელექტრონულ ფორმატზე გადავა. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი, ელექტრონული რეცეპტების დანერგვაა.

ყველა სამედიცინო ჩანაწერი ეტაპობრივად ელექტრონულ ფორმატზე გადავა

უკლებლივ ყველა სამედიცინო ჩანაწერი, ეტაპობრივად ელექტრონულ ფორმატზე გადავა. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი, ელექტრონული რეცეპტების დანერგვაა.

ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენცია გამართა.

მისი ინფორმაციით, ელექტრონული რეცეპტების სისტემის ტესტირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 30-მდე აფთიაქი. ელექტრონული რეცეპტი ეტაპობრივად გავრცელდება საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებებში.

„რეცეპტი გამოიწერება ელექტრონულად, აღარ იქნება საჭირო ფურცელზე დატანა. ქსელში ჩართულ აფთიაქებს ჩანაწერზე წვდომა მაშინვე ექნებათ. პაციენტი, როდესაც ის აფთიაქში მივა, აღარ იქნება აუცილებელი, რომ მან რეცეპტი ხელით ატაროს. იგი აფთიაქის წარმომადგენელს ეტყვის გვარს, სახელს, პირად ნომერს და აფთიაქს სრული წვდომა ექნებამის მონაცემებთან“, – განმარტა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა ინიციატივის უპირატესობებზეც ისაუბრა. მისივე თქმით,ელექტრონული რეცეპტის სისტემა არის კომფორტული და ოპერატიული. ამასთან განულდება ყბადაღებული თემა ექიმის გაუგებარი ხელწერის შესახებ, ასევე მედიკამენტის შერჩევასა და დოზირებაში გამოირიცხება შეცდომა და დაინერგება ხარისხის კონტროლის უმძლავრესი ინსტრუმენტი.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პაციენტის ნებართვის გარეშე მის მონაცემებს ვერავინ ნახავს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოცხადდება კონკრეტული ვადა, რის შემდეგადაც პროგრამაში ჩართვა სავალდებულო იქნება. 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ეტაპობრივად შემდგომი ნაბიჯები სამედიცინო ისტორიის და სრული კვლევების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა იქნება.

ელექტრონულ რეცეპტებზე და ზოგადად ყველა სამედიცინო ჩანაწერის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიის და წამლების ურეცეპტოდ გაცემის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ კუთხით რეგულაციები ჯანდაცვის სამინისტრომ წინა კვირასაც გაამკაცრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წამლის ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში აფთიაქზე პასუხისმგებელ ფარმაცევტს საქმიანობა ეზღუდება.

მიუხედავად რეგულაციების გამკაცრებისა აფთიაქების ნაწილი ურეცეპტოდ მედიკამენტების გაცემაზე უარს არ ამბობს. მაგალითად გუშინ ფსიქოტროპული აფთიაქი მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის გამო 12 000 ლარით დააჯარიმეს.

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის აღსაკვეთად ამოქმედდა ცხელი ხაზიც.

რეცეპტების სისტემა ხელისუფლებამ 2014 წელს სააფთიაქო ნარკომანიის შესამცირებლად შემოიღო, თუმცა, თავადაც აღიარებს, რომ მხოლოდ ამ ნაბიჯმა პრობლემა ვერ მოაგვარა. სწორედ ამ მიზეზით დამატებით რეგულაციების დანერგვას იწყებს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …