მთავარი » კვირის ინტერვიუ » ყველა ექიმმა უნდა იცოდეს, როგორ მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მძიმე დაავადების შესახებ
„ყველა ექიმმა უნდა იცოდეს, როგორ მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მძიმე დაავადების შესახებ, ისე რომ მან ბრძოლის უნარი არ დაკარგოს“ - ინტერვიუ ნანა ტატიშვილთან

ყველა ექიმმა უნდა იცოდეს, როგორ მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მძიმე დაავადების შესახებ

ინტერვიუ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პროფესორ ნანა (ნინო) ტატიშვილთან.

რამდენი ხანია რაც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობთ და რამდენად რთულია იყოთ ბავშვთა ნევროლოგი? 

– უკვე 40 წელია რაც სამედიცინო საქმიანობაში აქტიურად ვარ ჩაბმული. ვფიქრობ , რომ ჩემთვის , როგორც ქალისთვის ძალიან რთულია ბავშვების ნებისმიერი პრობლემა , როგორც დედა, ბებია მე ამას ძალიან განვიცდი.

ექიმს რაც არ უნდა მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდეს,შეუძლებელია შეეჩვიოს ბავშვის ცუდათ ყოფნას, მშობლის წუხილს, მით უფრო მძიმე, ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში

–  ექიმობა ესაა პროფესია, როდესაც დაუღალავად გიწევთ სწავლა , ახალი ინფორმაციის და კვლევების შესწავლა , დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად რთულად გეჩვენებათ ის გზა , რომელიც თქვენ გაიარეთ? 

–  საბედნიეროდ , მე ძალიან გამიღიმა ბედმა , რადგან დავიწყე მოღვაწეობა ნევროლოგიის ინსტიტუტში , რომელსაც მაშინ ბატონი პეტრე სარაჯიშვილი ხელმძღვანელობდა, ინსტიტუტს ჰქონდა ბიბლიოთეკა , რომელიც იღებდა  ნევროლოგიისა და ელექტროფიზიოლოოგისსფეროში მსოფლიოში არსებულ ყველა ძირითად ჟურნალს. ასე რომ ჩვენ იმ დროისათვის ყველაზე კარგ გარემოში ვიყავით.

რა თქმა უნდა შეუდარებელია დღევანდელი ახალგაზრდების და ჩვენი შესაძლებლობები ვინც დღეს ვმოღვაწეობთ , რადგან ახლა გვაქვს ინტერნეტის თავისუფალი სივრცე , რომლის დახმარებით მაღალი ხარისხის განათლება შეიძლება მიიღონ სტუდენტებმა.  

–   თქვენთვის რამ განაპირობა ამ პროფესიის არჩევა? 

– მე ჯერ კიდევ ინსტიტუტში, ვიცოდი , რომ გავყვებოდი ნეირომეცნიერებას. ხან ფსიქიატრობას ვფიქრობდი ხან ნეიროქირურგობას , საბოლოოდ კი ჩამოვყალიბდი ნევროლოგიაში. ჩემს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ეპილეფსია წარმოადგენდა და შემდეგ გადმოვედი ბავშვთა ნევროლოგიაში.

–   მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ , რამდენი შვილი გყავთ? 

– ორი შვილი მყავს, არც ერთი არაა ჩემი პროფესიის , ერთი არის ეკონომისტი , მეორე ყოფილი ფეხბურთელი.

–  ძალიან  კომფორტულია ალბათ თქვენი ოჯახისთვის , როდესაც სახლში ექიმი ყავთ? 

–  მინდა გითხრათ , რომ ჩემი ოჯახის წევრებისთვის მეთვითონ ექიმი ვერ ვარ. როდესაც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვს ისე ვიბნევი, რომ სრულიად ვკარგავ  ლოგიკური აზროვნების უნარს ,რაც მახასიათებს სხვა პაციენტებთან.

–  ახერხებთ დროის დაბალანსებას ოჯახსა და სამსახურს შორის? 

–  დიახ , თანაც საკმაოდ კარგად. მთავარი ალბათ, რამაც ხელი შემიწყო, იყო დროის კარგი ორგანიზების უნარი. დღემდე ვცდილობ , რომ მეტ-ნაკლებად შევძლო ყველაფრის მოსწრება და ოჯახს ან სამსახურს ყურადღება არ მოვაკლო.

–   პაციენტებთან მუშაობის დროს ახდენს თქვენზე ემოციური ფაქტორი რაიმე ზეგავლენას? 

– შეუძლებელია ჩემი პასუხი ამაზე უარყოფითი იყოს , რა თქმა უნდა , ახდენს. მე ვფიქრობ ,რომ ქალები,როგორც დედები. მაინც ყველაზე მგრძნობიარენი არიან , ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით რთულია შემთხვევები, როდესაც დიაგნოზი მძიმეა, ან მისი რეალური მკურნალობის საშუალება არ არსებობს.

ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მძიმე დაავადების შესახებ , ისე რომ მან ბრძოლის უნარი არ დაკარგოს და მეორე მხრივ შენ მართალი იყო მასთან. ექიმს არ აქვს უფლება რეალური ვითარება დაუმალოს მშობელს.

– ახერხებთ ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრებას? 

– სამწუხაროდ ვერა , მაგრამ გარკვეულ ფიზიკურ აქტივობებს საკმაოდ კარგად ვიტან , ხშირად ბევრ ახალგაზრდაზე კარგადაც კი.

–  თქვენი აზრით , სამედიცინო სფეროში ჩვენი ქვეყანა რამდენად პროგრესულ გზაზე დგას? 

– მე შემიძლია ვთქვა , რომ ზოგადად ნევროლოგია მოზრდილთა და ბავშვთაც პროგრესულ გზაზე ნამდვილად დგას , ჩვენთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე მედიცინის ყველა მიღწევა, ჩვენ ვფლობთ სრულ ინფორმაციას და წარმატებით ვიყენებტ პრაქტიკაში , თუმცა სერვისის ხარისხის ბევრი კომპონენტით ჩვენ ,ჩამოვრჩებით განვითარებული ევროპის ამავე დარგის კლინიკებს და ასევე ჩვენ ძალიან გვაკლია ნდობა საზოგადოების მხრიდან. მე არ ვფიქრობ , რომ ეს მხოლოდ საზოგადოების ბრალია , ეს ალბათ გარკვეულწილად ჩვენი ბრალიცაა და გარკვეული პოლიტიკის შედეგიცაა , ამიტომ მომავალმა თაობებმა ბევრი უნდა იმუშავონ , რომ აღდგეს ეს ნდობა.

–    საკმარისია თუ არა საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლება იმ მაღალი სტანდარტებისთვის რასაც კლინიკები მოითხოვენ? 

–  ძალიან კარგი და სასურველია , რომ ახალგაზრდამ ნახოს თუ რა ხდება ჩვენზე განვითარებული ქვეყნების კლინიკებში და დღეს ნამდვილად არის ამის შესაძლებლობა , ჩვენ პირადად ჩვენს რეზიდენტებს , ჩვენს ექიმებს მივეცით საშუალება გარკვეული დროის განმავლობაში საზღვარგარეთ აემაღლებინათ განათლება , თუმცა მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ღია ინტერნეტული სივრცის დახმარებით მოტივირებული ადამიანისთვის შესაძლებელია აქაც მიიღოს საკმაოდ კარგი განათლება.

accent.com.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …