მთავარი » კვირის ინტერვიუ » რამდენად საყურადღებოა კოვიდის გადატანიდან ერთი თვის განმავლობაში 37-37,2 ტემპერატურა?

რამდენად საყურადღებოა კოვიდის გადატანიდან ერთი თვის განმავლობაში 37-37,2 ტემპერატურა?

რამდენად საყურადღებოა კოვიდის გადატანიდან ერთი თვის განმავლობაში დაბალი ტემპერატურა?

ინტერვიუ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავასთან

– ჯანმრთელობის რა ძირითად პრობლემების ტოვებს COVID 19 ?

–  COVID 19 აქტუალური პრობლემაა დღევანდელ სამყაროში და ასევე აქტუალურია პოსტკოვიდური სინდრომი/ გახანგრძლივებული კოვიდი. ეს სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს თითქმის ყველა ორგანოს, ორგანოთა დაზიანებასა და მასთან ასოცირებულ სიმპტომებს: ყველაზე ხშირი არის სასუნთქ სისტემასთან ასოცირებული პრობლემები. საერთაშორისო კვლევებით, პაციენტებში, რომლებმაც მძიმედ გადაიტანეს კორონავირუსი ინფექცია, დაახლოებით 1/3 , 1/4 -ის შემთხვევაში, ხელახალი ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო, რაც დაკავშირებულია ფილტვების დაზიანებასთან და მორეციდივე პნევმონიასთან. ეს პნევმონია არის აუტოიმუნური ხასიათის და სჭირდება გარკვეული მკურნალობა. ზიანდება როგორც პერიფერიული ასევე ცენტრალური ნერვული სისტემა. ხშირად მოუმართავთ ჩივილებით როგორც არის: კიდურების დაბუჟება, ცნობიერების დაბინდვა და მეხსიერების პრობლემები, თავის ტკივილი, რომელიც ხანგრძლივდება თვეების განმავლობაში კოვიდის გადატანიდან , ყნოსვის და გემოს დაქვეითება/შეცვლა. ასევე ხშირია კარდიოლოგიური პრობლემებიც, გვყოლია პაციენტები რომელთა შემთხვევაში, კოვიდი გადატანის შემდეგ ან გამწვავება მოხდა უკვე არსებული ქრონიკული კარდიოლოგიური პრობლემების, ან ჩამოყალიბება. მაგალითად, საკმაოდ იზრდება გულის მწვავე იშემიური დაზიანების რისკები. ასევ ხშირია კოაგულაციური პრობლემებიც-თრომბოემბოლიური გართულება, არამხოლოდ ინფექციის მწვავე მიმდინარეობისას არამედ კოვიდის გადატანის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაშიც. მნიშვნელოვანია , კოაგულაციური ფაქტორების კონტროლი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ვისაც სხვა რისკ-ფაქტორებიც აქვთ. ზოგადად, სამწუხაროდ, ამ ვირუსს ახასიათებს პოლიორგანული დაზიანება, შეიძლება ეს სიმპტომები იყოს გახანგრძლივებული და ჩამოყალიბდეს ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომი. ამ ყველაფერს უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ აქვს მატების დინამიკა და აუცილებელია, მივმართოთ იმ კონკრეტული დარგის სპეციალისტს, რომელი ორგანოთა სისტემის დაზიანებაც აღგვენიშნება.

– საზოგადოებაში გავრცელებულია სხვდასხვა მითი COVID 19- სა და პოსტკოვიდურ სიდნრომზე , მაგალითად არსებობს მოსაზრება რომ ვირუსი მამაკაცებში შვილოსნობის ფუნქციას უქმნის პრობლემებს, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?

– სხვათაშორის , ამ კუთხით ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული, რომელთა მიხედვით იქნა გარკვეული დარღვევები ნანახი. შესაძლებელია, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მართლაც შეექმნას მსგავსი პრობლემები მამაკაცებს, თუმცა ისინი ალაგებადია, არ არის მუდმივი და გარკვეულ პერიოდში, ყველაფერი დგება მწყობრში. პოსტკოვიდთან ასევე ასოცირებულია სხვა მითებიც, მაგალითად ტემპერატურული რეაქცია. ხშირად გვხვდებიან პაციენტები, რომლებიც აღნიშნავენ რომ კოვიდის გადატანის შემდეგ იკონტროლებენ ტემპერატურას და უფიქსირდებათ 37ან 37,1 , რასაც თვლიან პრობლემად. მინდა განვმარტო რომ ეს მაჩვენებლები, ხშირ შემთხვევაში, არის ფიზიოლოგიური ნორმა და 37 თუ 37,1 ტემპერატურა ნაკლებად ჩაითვლება პოსტკოვიდად ან გახანგრძლივებულ კოვიდად. თუ გვაქვს ტემპერატურული რეაქცია 37,2 და/ან მეტი და ამას თან ახლავს სხვა სიმპტომები, ეს შეიძლება ჩავთვალოთ საყურადღებოდ და ჩავიტაროთ გამოკვლევები. ასევე, არსებობს მითი რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანის იმუნური სისტემა ძალიან ქვეითდება, ესეც დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გადავიტანეთ- მსუბუქად გადატანის შემდეგ, ის დიდ ცვლილებებს არ ახდენს. ნებისმიერ რესპირაციული ინფექციის გადატანის შემდეგ – იქნება ეს გრიპი, თუ მსგავსი დაავადება გარკვეული პერიოდი შეიძლება გვქონდეს სისუსტე, ადვილად დაღლა და ა.შ. თუ ეს ჩივილები გვაქვს ინფექციის გადატანიდან პირველი ერთი თვე, არ უნდა ჩავთვალოთ გახანგრძლივებულ კოვიდად. ასევე, ვერც 37,1 ტემპერატურას და ვერც საერთო სისუსტეს, რომელსაც აქვს კლების ტენდენცია, შევაფასებთ გახანგრძლივებულ კოვიდად ზემოთაღნიშულ პერიოდში. მინდა გავარჩიოთ ეს ყველაფერი და ჩვენი მოსახლეობა იყოს მშვიდად, რადგან შესაძლოა როდესაც ისინი აფასებენ, რომ არის პოსტკოვიდური სინდრომი, სინამდვილეში საქმე გვქონდეს უბრალოდ ინფექციის გადატანის შემდგომ მდგომარეობასთან, რომელიც თვითალაგებადია და არანაირ სპეციალურ ჩარევას არ საჭიროებს.

– როგორ ხდება პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკა საქართველოში და რა კვლევების ჩატარებაა რეკომენდებული COVID 19 -ის გადატანის შემდეგ?

– პირველ რიგში, უნდა შეფასდეს ზოგადად პაციენტი ოჯახის ექიმის ან თერაპევტის მიერ , შემდეგ უნდა ჩატარდეს რუტინული ლაბორატიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი, სისხლის შემადედებელი ფაქტორების ანალიზი. ხოლო ამის შემდეგ კი უკვე კონკრეტულად რა ჩივილიც აქვს პაციენტს იმ დარგის სპეციალისტის მიერ უნდა წარიმართოს პროცესი: თუ აქვს, ვთქვათ, რესპირატორული ჩივილები, მდგომარეობა უნდა მართოს პულმონოლოგმა და ამ მიმართულების გაგრძელდეს კვლევებიც, თუ აქვს კარდიოლოგიური ჩივილები კარდიოლოგის მიერ უნდა იქნას ეს პაციენტი შეფასებული და ამავე მიმართულებით გაგრძელდეს კვლევები, თუ აქვს ენდოკრინოლოგიური ან ნევრლოგიური ჩივილები, ასევე შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ უნდა იქნას შეფასებული… მაგრამ რუტინულად, თავიდან ლაბორატორიულ და ინსტრუმენტული კვლევებია საჭირო, რომელსაც ითავლისწინებს სპეციალური საერთაშორისო პროტოკოლი/გაიდლაინი პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკისა და მართვის შესახებ.

– საზოგადოებისთვის, ალბათ, ძალან საინტერესო იქნება აგვიხსნათ, თუ განსხვავდება პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკის მეთოდები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის?

– არის შემთხვევები, როდესაც კოვიდის გადატანიდან გარკვეული პერიოდის- რამდენიმე კვირის, ან თვის გასვლის შემდეგ ბავშვს ეწყება ტემპერატურული რეაქცია, აქვს საერთო სისუსტე, შეიძლება იყოს ატიპიური გამონაყარიც, რომლის დიფერენცირება ერთი შეხედვით ძნელია, უმადობა და ა.შ გააჩნია ასაკობრივ ჯგუფს, ამას აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა და მიიყვანოს ზოგად პედიატრთან ბავშვის მდგომარეობის შესაფასებლად. კარგია, რომ კორონავირუსული ინფექცია ბავშვებში, ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს და ნაკლებია პოსტკოვიდური გართულებაც, მაგრამ თუ ჩვენ ზემოთხსენებული სიმპტომები დავაფიქსირეთ , მნიშვნელოვანია რომ ბავშვს რუტინულად ჩავუტაროთ გარკვეული გამოკვლევები, მათ შორის სისხლის საერთო ანალიზი და ბიოქიმიური ანალიზები. პრინციპში, ბავშვებსა და ზრდასრულებში ტაქტიკა მსგავსია: თუ კოვიდის დადასტურებიდან, რამდნიმე კვირის განმავლობაში ჩივილები გრძელდება, ან, ვთქვათ, ერთი ეტაპი დასრულდა და შემდეგ ისევ განახლდა ახალი სიმპტომები, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. ასევე არის მონაცემები, რომ ბავშვებში კოვიდის გადატანის შემდეგ იზრდება სხვდასხვა ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი, მაგალითად – დიაბეტის. ამაზე ჯერ-ჯერობით ისევ მიმდინარეობს სხვდასხვა საერთაშორისო კვლევები და ველოდებით შედეგებს. ამიტომ ბავშვი, რომელიც გადაიტანს კოვიდს საჭიროებს ყურადღებას! საბედნიეროდ, როგორც აღვნიშნე, ხშირ შემთხვვაში ის უკვალოდ მიდის, მაგრამ თუ ხსენებული ჩივილები გაგრძელდა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი შეფასდეს პედიატრის მიერ და ჩაუტარდეს სხვდასხვა ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული გამოკვლევები.

– როგორ ხდება პოსტოვიდური გართულებების მკურნალობა საქართველოში? არსებობს თუ არა კონკრეტული პროგრამა/გაიდლაინი, რომლითაც მიმდინარეობს ეს პროცესი?

– არსებობს ძალიან ბევრი საერთაშორისო გაიდლაინი, სამწუხაროდ, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, საქართველოში ასეთი ერთიანი, ეროვნული პროტოკოლი პოსტკოვიდური სინდრომის სტაციონარული მართვის არ არსებობს. თუმცა, ამბულატორიებში არის ეროვნული პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც უნდა იმართოს პოსტკოვიდური პაციენტი -ჩაუტარდეს შესაბამისი კვლევები და შემდეგ თუ საჭიროა ან გადამისამართდეს შესაბამის ექიმ- სპეციალისტთან, ან გაკეთდეს გარკვეული დიაგნოსტიკური კვლევები, რომელთა შედეგების მიხედვითაც ინიშნება მკურნალობა. დავამატებ, რომ ყოვლად დაუშვებელია თვითნებურად მკურნალობა ბინაზე! თუ კოვიდის გადატანის შემდეგ გვაქვს ჩივილები, ან გვიხანგრძლივდება სიმპტომები, მნიშვნელოვანია რომ მივმართოთ ექიმს და ექიმის მიერ, პროტოკოლის მიხედვით მოხდეს მდგომარეობის შეფასება თუ მედიკამენტების დანიშვნა. რადგან, როგორც აღვნიშნე, ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია პოსტკოვიდური სინდრომს არ დასჭირდეს არანაირი მკურნალობა და უბრალოდ საჭირო იყოს მონიტორინგი, ლობორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების განმეორებით ჩატარება.

– რას გვეტყვით COVID 19-ის ახალი შტამზე, არის თუ არა განსხვავება პოსკოვიდური გართულებების თვალსაზრისით ,,ომიკრონსა’’ და სხვა უკვე გავლილი შტამებს შორის?

– იქედან გამომდინარე, რომ ომიკრონი აზიანებს ზემო სასუნთქ გზებს და ნაკლებად იწვევს ფილტვების დაზიანებას, შესაბამისად პოლიორგანულ დაზიანებას, პოსტკოვიდური სინდრომიც და გახანგრძლივებული კოვიდის ჩივილებიც უფრო ნაკლებია. თუმცა, ეს არის მაინც ახალი შტამი და ჯერ-ჯერობით საბოლოო კვლევების შედეგები არ გვაქვს. იქედან გამომდინარე, რომ ომიკრონს აქვს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ქონდეს იმ რაოდენობის გართულებები როგორც ჰქონდა დელტა შტამს. მაგალითად, ვიცით, რომ დელტა შტამს ახასიათებს უფრო მეტად ფილტვების დაზიანება, შესაბამისად პოლიორგანული დაზიანება და ასეთ პაციენტებში გახანგრძლივებული კოვიდის, თუ პოსტკოვიდის რისკი არის ბევრად მაღალი, ამ ეტაპზე არსებული კვლევების მიხედვით ომიკრონს ეს ნაკლებად ახასიათებს, თუმცა ჯერ-ჯერობით საბოლოო დასკვნების გაკეთება ძალიან გაჭირდება.

– საზოგადოებაში გავრცელდა თეორია, რომ ,,ომიკრონი’’ პანდემიას დაასრულებს, ეს ვარაუდი კიდევ უფრო გამყარდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს ამავე შინაარსის განცხადების შემდეგ, რამდენად რეალურია ეს ვარაუდი? დაასრულებს ,,ომიკრონი’’ პანდემიას?

– თეორია, რომ ომიკრონს აქვს უნარი დაასრულოს პანდემია, არსებობს და სხვათაშორის, არც თუ უსაფუძვლოდ. იქედან გამომდინარე, რომ ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და არის კვლევები, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, უახლოეს თვე – თვენახევარში დედამიწის მოსახლეობის 70-80% -ს უკვე გადატანილი ჰქონდეს ომიკრონი, რაც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმუნური ფენის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, იმუნური ფენა როდესაც გვეყოლება, პანდემია წავა დასასრულისკენ. ეს არის საკმაოდ ოპტიმისტური სცენარი და იმედია, რომ ასეც მოხდება , მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილად: ომიკრონი კი არის შედარებით მსუბუქი შტამი, მაგრამ ომიკრონის შემთხვევაშიც შესაძლებელია დაზიანდეს ფილტვები და ინფექციის მიმდინარეობა დამძიმდეს, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში, ადამიანებში ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადება, არიან ასაკოვნები და არ არიან ვაქცინირებულნი სრულფასოვნად. ამიტომ, ზომიერი ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა ყველაფერი უნდა გაკეთდეს აუცილებლად. მე მიმაჩნია, რომ ომიკრონი იქნება ბოლო ფართომასშტაბურად გავრცელებული შტამი და შესაბამისად, ამ წლის ბოლომდე პანდემია,ალბათ, დასრულდება.

წყარო: tbilisimedic.ge

 

იხილეთ ასევე

დავით გადელია: ორ-სამ ქორწილსაც შეუძლია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კოლაფსი გამოიწვიოს

ინტერვიუ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურ დირექტორ დავით გადელიასთან –  ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, ქვეყანამ ყველაფერი …