პედიატრი ნანი ნაკრელაშვილი სააფთიაქო ბაზარზე არსებულ პრობლემებს და მედიკამენტების მაღალ ფასებს გამოეხმაურა,მისი თქმით, ბაზარი გაჯერებულია მედიკამენტებით.
„ძალიან ბევრი დასახელების წამალი იყიდება. არის გარკვეული დასახელების წამლები, რომლებსაც აწარმოებს ერთი კონკრეტული ქვეყანა, თუმცა შემოდის სხვადასხვა ქვეყნებიდანაც, მათ შორის საეჭვო რეპუტაციის მქონე ქვეყნებიდან და ასევე საეჭვო ფასით, როცა თვითღირებულებაზე ნაკლები ღირს.
როდესაც წამალი იმაზე იაფი ღირს, ვიდრე მისი დამზადება ჯდება, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რას შეიცავს, რა შემადგენლობისაა, არის თუ არა ისეთი ხარისხის, როგორიც უნდა იყოს და ა.შ. ამიტომ სჯობს, იყოს კარგი ხარისხის მედიკამენტი, შემცირდეს ანტიბიოტიკების მოხმარება და მოიხმარონ ის მედიკამენტები, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული“, – მიაჩნია პედიატრს.
ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ მომხრეა ყველა დასახელების მედიკამენტის შემოტანა არ იყოს ადვილი და ხარისხის კონტროლი, რომელიც ახლაც არის, კიდევ უფრო გამკაცრდეს,რაც შეეხება ფასებს, უნდა მოხდეს მისი დარეგულირება, რადგან მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა არის ძალიან დაბალი, – მიაჩნია მედიკოსს.
„ვხედავთ რა მდგომარეობაა და რა კრიზისია ეკონომიკაში. არის უმუშევრობა და კიდევ უამრავი პრობლემა. კვების დეფიციტი, როგორიც ახლაა, იშვიათია. თვით ძუძუს კვებაზე მყოფ ახალშობილებშიც კი არის ეს პრობლემა, რადგან დედებს არ აქვთ საშუალება, სრულყოფილად იკვებონ.
ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურესაც გაჭირვებულია. ასეთ მდგომარეობაში მისაღებია, რომ ხარისხი იყოს კარგი და ფასები შედარებით დაბალი. წამლის მწარმოებელი განვითარებული ქვეყნები ცდილობენ, რომ ჩვენნაირ გაჭირვებულ, განვითარებად ქვეყნებში შედარებით იაფად შემოიტანონ მედიკამენტები, თუმცა ჩვენთან რა ხდება, ვერ გეტყვით“, – განაცხადა ნანი ნარეკლიშვილმა.