წყვილები, ვინც უშვილობაზე მკურნალობენ და ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის ემზადებიან, კოვიდვაქცინით დაუყოვნებლივ უნდა აიცრან. ამის შესახებ კალიფორნიაში მოღვაწე კლინიკური ემბრიოლოგი და ლაბორატორიის დირექტორი მარინა გვახარია ფეისბუქზე წერს.
პაციენტის თანხმობით, ექიმი აზიარებს აღნიშნული პაციენტის მიერ ინბოქსში მიწერილ შეკითხვას – კერძოდ, პაციენტი წერს, რომ სვამს ვიტამინებს და ცდილობს ყოველ ოვულაციაზე ჩასახვას. ექიმი კი მათ ეუბნება, რომ არ აიცრან. „არადა ვფიქრობ ბევრად
საშიშია კოვიდის გადატანა. რადგან ფაიზერით აცრა უკვე შესაძლებელია საქართველოში და ყველაზე მეტი კვლევა ამ კონკრეტულ აცრაზეა. მინდა, რომ ექიმისგან დამოუკიდებლად მაინც ავიცრა. როგოც ვხვდები, თვითონაც ცოტათი ანტივაქსერია და ამიტომ ვერ ვენდობი ბოლომდე,“ – წერს პაციენტი, რომელსაც მარინა გვახარია პასუხობს: „ამერიკული გაიდლაინით, უნდა აიცრათ ორივე ჩვეულებრივად, რაც შეიძლება სწრაფად და რა ვაქცინაზეც ხელი მიგიწვდებათ. ჩემი ოჯახის წევრი რომ იყოთ, გირჩევდით ექიმის გამოცვლას.“
რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული ასოციაციის რეკომენდაციით, ყველამ, მათ შორის ორსულმა ქალებმა და მათაც, ვისაც დაორსულება სურს, უნდა მიიღოს კოვიდვაქცინა, რადგან ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია.