პანდემიის პერიოდში საკურიერო მომსახურებაზე მოთხოვნა იმაზე მეტად გააქტიურდა, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. მიტანის სერვისის საჭიროება დადგა მედიკამენტების ნაწილშიც. როგორ მიიღო ბაზარმა ეს სერვისი, იზრდება თუ არა აღნიშნული სეგმენტი და გაჩნდა თუ არა კონკურენცია, jandacva.ge-ს „Wolt საქართველოს“გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი ესაუბრა.
მისი განმარტებით, კომპანიამ მედიკამენტების მიტანის სერვისი დაახლოებით 6 თვის წინ აამოქმედა და საქართველოში წარმოდგენილ თითქმის ყველა ბრენდულ სააფთიაქო ქსელებთან თანამშრომლობს. მათ შორის, „ავერსთან“, „პეესპესთან“, ჯიპისისთან“.
„გადავწყვიტეთ, რომ პანდემიის პერიოდში მიწოდება უფასოდ განვახორციელოთ, რადგან მომხმარებლებს არ აქვთ ღამის საათებში გარეთ გასვლის საშუალება. გამომდინარე იქიდან, რომ მედიკამენტებია და მისი მიღება მომხმარებელს ეჩქარება, დღეს ჩვენი პრიორიტეტია ის, რომ მომხმარებელს ეს მომსახურება სრულიად უფასოდ შევთავაზოთ. ფაქტობრივად, ტრანსპორტირების საფასურს ჩვენი კომპანია სრულად, მთელი დღის განმავლობაში თავის თავზე იღებს“- აცხადებს ნატალია ხიზანიშვილი.
როგორც „Wolt საქართველოს“გენერალური მენეჯერი ამბობს, საქართველოში საცალო ვაჭრობის ონლაინ მიწოდების სეგმენტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება, მათ შორის, სააფთიაქო ქსელებიდან.
კითხვაზე, რა წილი უჭირავს მედიკამენტების მიწოდების სერვისს კომპანიის მთლიან გაყიდვებში, ხიზანიშვილი დეტალურად არ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს კონფიდენციალური მონაცემია, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ამ ეტაპზე „Wolt საქართველოს“ ერთეულ პროცენტს შეადგენს.
„ეს მიმართულება წილობრივად წამყვანი არ არის, თუმცა, მის გაზრდაზე ვმუშაობთ. ჩვენთვის ეს ახალი სფეროა, აქედან გამომდინარე, გვჯერა, რომ აფთიაქებიდან მიტანა უფრო და უფრო პოპულარული გახდება. ამ მიმართულებას ზრდის საკმაოდ მაღალი ტენდენცია აქვს, იზრდება კონკურენციაც, რასაც მივესალმებით“-აცხადებს ხიზანიშვილი.
„Wolt საქართველოს“გენერალური მენეჯერი მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია მედიკამენტების ონლაინ მიწოდების სერვისში დიდ ინვესტიციებს ახორციელებს.
„ეს მიმართულება ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა, თუმცა ვფიქრობთ, რომ თვეების და წლების განმავლობაში უფრო და უფრო განვითარდება, გასავითარებლად კომპანიაში ბევრი ახალი დეპარტამენტი დავამატეთ, შესაბამისად, ამ კუთხით საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს,“-აცხადებს ხიზანიშვილი.
კითხვაზე, აქვს თუ არა 6 თვის წინ ამოქმედებულ მიმართულებას ხარვეზები და რამდენად სწრაფად ხდება მომხმარებლისთვის მედიკამენტების მიწოდება, ხიზანიშვილი აცხადებს, რომ მიწოდება შეკვეთის დაფიქსირებიდან ნახევარი საათის განმავლობაში ხორციელდება.
„ხარვეზებს რაც შეეხება, რადგან ახალი მიმართულებაა ჩვენთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც, ძალიან ბევრი საკითხის დახვეწა მიმდინარეობს. თუმცა რაიმე დიდი ხარვეზის გამოყოფა გამიჭირდება. ერთადერთია ის, რომ მედიკამენტების არჩევანი არის შედარებით შეზღუდული, ვიდრე ფიზიკურად ადგილზეა. გეგმები გვაქვს, რომ ხელმისაწვდომი მედიკამენტების რაოდენობა მივუხალოვოთ აფთიაქებში არსებულ რაოდეობას“-აცხადებს ხიზანიშვილი.
სოფო ქსოვრელი