მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » წამლის ხარისხის შემოწმების ბიუჯეტი არ გაზრდილა – ამ მიზნით წელსაც 150 ათასი ლარი დაიხარჯება

წამლის ხარისხის შემოწმების ბიუჯეტი არ გაზრდილა – ამ მიზნით წელსაც 150 ათასი ლარი დაიხარჯება

2022 წელს სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის შემოწმებაზე 150 000  ლარს დახარჯავს. ამის შესახებ სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების თაობაზე მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული. 150 ლარიდან  7 ათასი ლარი სამკურნალო საშუალებების ნიმუშების შესყიდვაზე დაიხარჯება, 3 ათასი ლარი -მივლინების ხარჯებზე,  ნიმუშების ლაბორატორიული  კვლევაზე კი 140 ათასი ლარია გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2021 წლის პროგრამა ასევე 150 ათასი ლარით დაფინანსდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროგრამის მიზანია ფარმაცევტული ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებისაგან.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ფარმაცევტული პროდუქტის სადისტრიბუციო ჯაჭვის ადმინისტრაციული კონტროლის განხორციელება, რა დროსაც მაკონტროლებელი ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებისაგან შეისყიდის სამკურნალო საშუალების ნიმუშს და ადგენს შეფუთვა-მარკირების, ვარგისობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების, დისტრიბუციის უფლებისა და სხვა, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას;

სადისტრიბუციო ჯაჭვის იმ რგოლში, სადაც ვერ ხერხდება შესყიდვის განხორციელება, სამედიცინო საქმიანობისა და  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო აწარმოებს სინჯის აღებას;

ფალსიფიკაციისა და გაუვარგისების მაღალი რისკის კრიტერიუმების არსებობისას, სააგენტო უზრუნველყოფს სადისტრიბუციო რგოლში შესყიდული ნიმუშის/აღებული სინჯის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ნიმუშის შემდგომ ლაბორატორიულ კვლევას;

სამკურნალო საშუალების ლაბორატორიული კონტროლი, ადგილობრივი ლაბორატორიის პარალელურად, შესაძლებელია, ჩატარდეს საზღვარგარეთ.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო საკუთარი ლაბორატორიის შექმნას გეგმავს, სადაც მედიკამენტების ხარისხი შემოწმდება.  სააგენტოს  დირექტორის ზაალ კაპანაძის განმარტებით,  მოქმედი პრაქტიკით, მედიკამენტების ხარისხის შემოწმების მიზნით წამლების ნიმუშების ნაწილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ნაწილი კი უცხოეთში, კერძოდ გერმანიაში იგზავნება. შემოწმების მიზანია დადგინდეს, შეესაბამება თუ არა მედიკამენტის შემადგენლობა მის დოკუმენტაციაში მითითებულ სტანდარტებს. ყოველწლიურად მხოლოდ რამდენიმე ათეული მედიკამენტის შემოწმება ხდება,  რაც, კაპანაძის შეფასებით ამ ბაზრის ხარისხის სათანადო კონტროლისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ უწყება საკუთარი ლაბორატორიის შექმნას აპირებს, რაც სააგენტოს საშუალებას მისცემს, წამლის ხარისხი მედიკამენტის რეგისტრაციამდე, წინასწარ შეისწავლოს.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …