2022 წლის ბოლომდე, წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია გაიხსნება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაწესებულებაში, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ლაბორატორიის შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება. სარემონტო სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა დაათვალიერა.
მისი თქმით, ლაბორატორიის აღჭურვილობა უკვე შეძენილია და შემოტანის პროცესშია, რაც თვის ბოლოს დასრულდება. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების ვადა დაახლოებით 4 თვეა. შემდეგ დაიწყება პერსონალის მომზადება და მონტაჟი. შესაბამისად, ქვეყანას წლის ბოლოს ექნება საერთაშორისო სტანდარტის წამლის ლაბორატორია, რომელსაც შეეძლება ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც შემოდის საქართველოში, შეამოწმოს და უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული მედიკამენტები უმაღლესი ხარისხის იყოს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიის მთავარი ფუნქცია იქნება როგორც წამლის რეგისტრაციის დროს მისი ხარისხობრივი ნაწილის განსაზღვრა და შემოწმება, ასევე იმის დადგენა, ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული წამლები რამდენად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
jandacva.ge