მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » წამლებზე ყოველთვიური დანახარჯები კვლავ საკმაოდ მაღალია
გამოკითხვამდე ბოლო 1 თვის განმავლობაში რესპონდენტთა 68%-ს წამლებზე 101-500 ლარამდე აქვს დახარჯული, 24%-ს - 101-500 ლარამდე, 2%-ს კი 500 ლარზე მეტი.

წამლებზე ყოველთვიური დანახარჯები კვლავ საკმაოდ მაღალია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ეხებოდა მოსახლეობის დამოკიდებულებას მედიკამენტების მოხმარებისა და რეცეპტების სისტემის მიმართ. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევამ ქვეყანაში წამლების მოხმარებისა და რეცეპტების სისტემასთან დაკავშირებით ორი უმთავრესი ტენდენცია გამოავლინა: პირველი, გამოკითხულთა  დაახლოებით ნახევრის შეფასებით მათზე და მათ ოჯახზე  რეცეპტების  სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა და მეორე, წამლებზე ყოველთვიური დანახარჯები კვლავ საკმაოდ მაღალია.

გამოკითხვამდე ბოლო 1 თვის განმავლობაში რესპონდენტთა 68%-ს წამლებზე 101-500 ლარამდე აქვს დახარჯული, 24%-ს – 101-500 ლარამდე, 2%-ს კი 500 ლარზე მეტი. რესპონდენტთა 68%-ს გამოკითხვამდე 1 თვის მანძილზე წამლებზე დაახლოებით 0-100 ლარამდე ჰქონდა დახარჯული“, -აღნიშნულია კვლევის ანგარიშში. 

კვლევის შესახებ სასაუბროდ ორგანიზაციის უფროს ანალიტიკოსს მიხეილ კუკავას დავუკავშირდით.

ბატონო მიხეილ, კვლევის დროს გამოიკითხა 1867 ადამიანი. რა პრინციპით მოხდა რესპონდენტების შერჩევა და რა კატეგორია გამოიკითხა? 

კვლევამ მთელი საქართველო მოიცვა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. გამოვკითხეთ ქართულენოვანი მოსახლეობა, თუმცა არა მხოლოდ ქართველები, რადგან კითხვარი იყო ქართულად შედგენილი და კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილიყო. სტატისტიკის ენაზე რომ ვთქვათ, ჩვენი პოპულაცია დაახლოებით არის 3 186 000 ადამიანი.

ჩვენ გამოვკითხეთ 1867 ადამიანი, თვრამეტ წელზე ზევით.  რაც შეეხება პრინციპს, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყოფილიყო გეორგაფიულად და დემოგრაფიულად რეპრეზეტენტული, კვლევას მაღალი სანდოობა ქონოდა და სტატისტიკურად ყოფილიყო მაღალი ვალიდურობის მქონე შედეგი. გეოგრაფიულად კვლევა იყო გაფანტული, ყველა მუნიციპალიტეტი მოვიცავით. 

რა პერიოდში მიმდინარეობდა კვლევა? 

2015 წლის გაზაფხულზე, მარტის ბოლოს დაიწყო ინტერვიუები და გაგრძელდა მაისის გარკვეული მონაკვეთიც. 

ბუნებრივია, კვლევა საინტერესოა, რადგან მოსახლეობის აზრის გაგება ყოველთვის მნიშვნელოვანია. გამოკითხვისას, ხომ არ გამოგიკითხავთ ექიმებიც? ჩვენ გვაქვს მეტ-ნაკლები წარმოდგენა და ვიცით, რომ ექიმების დიდი ნაწილი მხარს უჭერს რეცეპტულ სისტემას. 

სავარაუდოდ, ალბათ ექიმებიც იქნებოდნენ იმ გამოკითხულ 1867 ადამიანს შორის, თუმცა მიზანმიმართულად მათი გამოკითხვა არ მომხდარა. ჩვენ ჩავატარეთ რანდომიზებული კვლევა, ხოლო სტრატიფიცირებული კვლევა, რომელიც გულისხმობს რომელიმე პროფესიის, ან ასაკობრივი ჯგუფის, თუ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების გამოკითხვას, ჩვენ შემთხვევაში არ გამოგვადგებოდა. 

თავად თქვენი აზრი როგორია, ემხრობით რეცეპტული სისტემის შემოღებას და დანერგვას? 

რეცეპტულ სისტემას ჩვენ მხარს ვუჭერთ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ რეცეპტების სისტემაში 2014 წლის სექტემბერში განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმება, თუმცა ხაზს ვუსვამთ ამ ცვლილებებამდე შესაბამისი მომზადების აუცილებლობას. 

კვლევაში ერთი კითხვა ეხება მედიკამენტების ფასებს და დანახარჯს მოსახლეობის მხრიდან. რესპონდენტები თუ უსვამდნენ ხაზს მედიკამენტების მაღალ ფასს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ლარის კურსი ეცემა? 

კი, ეს ნამდვილად ესე იყო. ჩვენ კიდეც ვთქვით, რომ გამოკითხულთა სამოცდათხუთმეტი პროცენტის აზრით, რეცეპტების სისტემის ცვლილების შემდეგ გაიზარდა წამლების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი. რომ ჩამოვშალოთ, 51% თვლის რომ ცალსახად გაიზარდა, ხოლო 24% ამბობს, რომ მეტ-ნაკლებად გაიზარდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პროცენტების შეკრება შეიძლება. 

შეკითხვა გულისხმობდა ყველა იმ ხარჯს, რაც რეცეპტული სისტემის შემოღების შემდეგ გახდა საჭირო მედიკამენტების შესაძენად. საყოველთაო ჯანდაცვას აქვს გეგმიური ამბულატორიის კომპონენტი, რომლის ფარგლებში შეგიძლია მიხვიდე ოჯახის, სოფლის ან უბნის ექიმთან, გაიარო კონსულტაცია და ეს უფასოა.

თუ ოჯახის ექიმი საჭიროდ ჩათვლის, რომ თქვენი ჩივილები სერიოზულია, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაგამისამართებთ ექიმ-სპეციალისტთან. თუმცა, შესაძლებელია, რომ არ გადაგამისამართოთ და შესაბამისად, ვერც წამლის რეცეპტს გამოგიწერთ. ამ შემთხვევაში ადამიანი იძულებულია საკუთარი ინიციატივით მივიდეს სპეციალისთან და ამას საყოველთაო ჯანდაცვა ვერ დაფარავს. 

ჩვენ გვყავს კერძო ან კორპორატიულად დაზღვეული პირები, რომლებსაც მსგავსი ხარჯი ნაკლები ექნებათ, რადგან ექიმ-სპეციალისტთან გადამისამართება პრობლემური არ არის. თუმცა ესეთი არის დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი. ანუ დანარჩენისთვის წამლის გამოწერა, თუ ის რეცეპტულია, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

კითხვარში ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა იმ მედიკამენტების ურეცეპტოდ შეძენას, რომელთაც სჭირდებათ რეცეპტი. ანუ, ე.წ. „შავი ბაზრის“ პრობლემა დგას? 

ჩვენ თუ კვლევის შედეგების მთლიან მოსახლეობაზე განზოგადებას გავაკეთებთ, ანუ გამოკითხულთა 11%-ს, რომელიც ამბობს, რომ ურეცეპტოდ შეუძენია მედიკამენტი, ვნახავთ, რომ ეს საკმაოდ ბევრია. ეს ნიშნავს, რომ ასი ათასობით ადამიანი ახერხებს რეცეპტის გარეშე პრეპარატის შეძენას. დანარჩენ გამოკითხულებს შორისაც იქნებიან ისეთები, რომელთაც უბრალოდ არ დასჭირვებიათ ურეცეპტოდ შეძენა, ჩვენ კითხვარში მსგავსი ჩაშლა არ გაგვიკეთებია, დასჭირვებიათ თუ არა მათ ეს. უმრავლესობა არ ცდილობს, რომ სისტემას გვერდი აუაროს, თუმცა ვინც ცდილობს, მათი რაოდენობა მართლაც საგანგაშოა.

არა თქვენი კვლევიდან გამომდინარე, თუმცა მაინც გკითხავთ, თქვენი აზრით რითაა გამოწვეული მედიკამენტებზე მაღალი ფასი? 

ეს კითხვა ჩვენი კვლევის ფარგლებს ცდება. ამ საკითხზე ჩვენ რამდენიმე წლის წინ გამოვაქვეყნეთ ანალიზი, თუმცა მას შემდეგ არ გვიმუშავია მედიკამენტების ფასწარმოქმნის საკითხებზე და იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურია ეს ფასწარმოქმნა. დოლარის კურსი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც გამოიწვია მედიკამენტების გაძვირება, თუმცა ალბათ არა ერთადერთი. ფასწარმოქმნა არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც ძალიან დეტალურ და კვალიფიციურ შესწავლას საჭიროებს, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია ბოლო რამდენიმე წელია. 

შეიძლება ითქვას, რომ კვლევა, გარკვეულწილად, ემსახურება ჯანდაცვის სამინისტროს ინტერესებსაც, რადგან გამოკითხვა ერთგვარად აჯამებს გატარებული რეფორმის შედეგებს. ხომ არ გითანამშრომლიათ სამინისტროსთან, თუნდაც დაფინანსების მხრივ? 

ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან მუდმივად ვთანამშრომლობთ. ისინი გვაწვდიან იფნრომაციას, რაც კვლევის ინტერპრეტაციაში ძალიან გვეხმარება. ამ კვლევის ფარგლებშიც გვქონდა კომუნიკაცია და ვითანამშრომლეთ, თუმცა ეს არ ყოფილა ფინანსური სახის თანამშრომლობა. მინდა გითხრათ, რომ ეს კვლევა არის მეხუთედი კვლევისა, რაც ჩვენ ჩავატარეთ ჯანდაცვის მიმართულებით. ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ მის ძირითად ნაწილს.

აღნიშნული კვლევა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ჩაატარა, თუ ჰყავდა მას პარტნიორი ორგანიზაცია? 

კვლევა მთლიანად ჩვენ დავაფინანსეთ, თუმცა კვლევა შევუკვეთეთ პროფესიონალ ორგანიზაციას. თუმცა, ბუნებრივია, კითხვარი ჩვენ შევადგინეთ. ჩვენ არ გვაქვს იმხელა რესურსი, არ გვყავს ინტერვიუერები, რომ მსგავსი მასშტაბის გამოკითხვა დამოუკიდებლად ჩაგვეტარებინა. ამისთვის არიან სპეციალური ორგანიზაციები, რომლებიც ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებენ. შემდგომში, კვლევის შედეგების ინტერპრეტაციას და ანალიზს ჩვენ ვაკეთებთ.

for.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …