წამყვანმა სააფთიაქო ქსელებმა მედიკამენტებზე ფასების შემცირების თაობაზე ღიად განაცხადეს. ფასების კლებას ადასტურებს ფანასკერტელის ინდექსიც, რომელიც მედიკამენტების ფასებზე დაკვირვების შედეგად მუშავდება. ფანასკერტელის ინდექსის მიხედვით, თებერვალში მედიკამენტები 4,5%-ით გაიაფდა.
საკითხს ეხმაურება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მალხაზ წერეთელი. იგი აცხადებს, რომ მსგავს ტენდენციას მხოლოდ მიესალმება:
„ზოგიერთი ჯგუფის პრეპარატებზე ფასებმა მართლაც დაიწია, თუმცა, მოსახლეობას ჩემთან შეხვედრებისას არ დაუფიქსირებია, რომ წამლები მასობრივად გაიაფდა. შესაძლოა, როდესაც ფასი მაღალია, ერთი ან ორი ლარის დაკლებას პაციენტები ან ვერ ამჩნევენ, ან არც კი მიაჩნიათ აღნიშვნის ღირსად. თუმცა, თუ ამ კვლევის მიხედვით კლების ტენდენცია ფიქსირდება, ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია.
ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული პროგრამის შემოტანაც სურდა, რომელიც პირველადი მოხმარების მედიკამენტების ფასწარმოქმნას შეეხებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამის კანონად ქცევა ვერ მოხერხდა.
გაიაფების მიზეზი შეიძლება იყოს ლარის გამყარებაც და ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენა, ან ორივე ერთად. ზოგადად, კონკურენცია ძალიან კარგი საშუალებაა, რომ დაბალანსდეს ფასები და რაც მთავარია, გაუმჯობესდეს ხარისხი,“ – ამბობს წერეთელი.