„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიას განცხადებით, წამლების ფასები პირდაპირ მიბმულია ვალუტის გაცვლით კურსზე, რადგანაც მათი უმრავლესობის იმპორტი ხდება.
დავითაიამ აქვე დასძინა, რომ ვალუტის კურსის ცვლილება ავტომატურად, მედიკამენტების ფასების ზრდას იწვევს რაც, პირველ რიგში, მოსახლეობას ურტყამს და ქმნის რთულ სიტუაციას.
„პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ არის ის, რომ ისე დაალაგოს სიტუაცია, რომ ეკონომიკაში არ იყოს რყევები და შესაბამისად, არ იყოს ლარის ასეთი მასშტაბის დევალვაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება ფასები არა მხოლოდ მედიკამენტებზე, არამედ სხვა პროდუქტზეც. ეს იქნება ყველაზე ეფექტური მიდგომა სიტუაციის გამოსასწორებლად. სხვაგვარი მიდგომა გამოიწვევს კრახს.
მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დოტაცია, რასაც საქართველოს ბიუჯეტი ვერ გაუძლებს და იქნება მხოლოდ პიარი. ასევე, ის არ იქნება ხანრგძლივ პერიოდზე გათვლილი. მეორე, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის შეღავათების სისტემა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეულ წრეებს, იგივე სოციალურად დაუცველ თემებს და ა.შ. ეს ეფექტიც იქნება ხანმოკლე, თუმცა უფრო დიდი, ვიდრე დოტაციაა.
ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, თუმცა არ იქნება ეფექტური და გრძელვადიანი. ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ლართან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება“, – აღნიშნა დავითაიამ.
მისი თქმით, წამლების ხარისხის პრობლემა გლობალურია, თუმცა ეს საკითხიც საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით უნდა დარეგულირდეს.
„რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ამ საკითხით ნამდვილად დაინტერესებული ვარ და პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ჩემი ოჯახის ერთ-ერთ წევრს გამოწერილი ჰქონდა წამლები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე უნდა ესვა და პრეპარატს ეფექტი ჰქონდა ნაკლები. მივლინების დროს მე შევიძინე იგივე მედიკამენტი საფრანგეთში და ეფექტი იყო შეუდარებლად უკეთესი.
როგორც გამარკვიეს, სხვადასხვა მედიკამენტები მზადდება სხვადასხვა ქვეყანაში და ზოგიერთ მათგანში შემცველი ნივთიერებების კონცენტრაცია არის დაბალი. სწორედ ამიტომ ღირს ეს წამლები ჩვენთან შედარებით იაფი. ეს არის უფრო დიდი, გლობალური პრობლემა, თუმცა, ესეც არის საკანონმდებლო ბაზის დასარეგულირებელი“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.