მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » წამლების განვადება პროექტის ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში 7 პენსიონერს დაუმტკიცდა
განვადება ეხება ას ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტებს. ამ ფორმით შესაძლებელია ყველა სააფთიაქო პროდუქტის ყიდვა, რომლის ღირებულებაც 100 ლარს აღემატება.

წამლების განვადება პროექტის ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში 7 პენსიონერს დაუმტკიცდა

ამოქმედებიდან დაახლოებით ერთი განმავლობაში წამლების განვადების პროექტით 7-მა პენსიონერმა ისარგებლა. ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისის” დამფუძნებელი დავით კილაძის განცხადებით, პროექტით ძირითადად ახალგაზრდა ოჯახები სარგებლობენ და სამედიცინო მოხმარების საგნებს ყიდულობენ. ასევე დიდი მოთხოვნაა კოსმეტიკაზე.

„ეს იმიტომ, რომ ეს ძვირადღირებული სეგმენტია. ვცდილობთ, რომ პროექტი ძალიან ძვირადღირებულ მედიკამენტებზე განვავრცოთ. ვთვლი, რომ რეგულარული მედიკამენტები არ უნდა იყოს განვადების საგანი”-აცხადებს კილაძე.

კომპანია „ჯიპისიმ” პროექტი „წამლები განვადებით” დაახლოებით 1 თვის დაიწყო. მაშინ კომპანიაში ღიად აცხადებდნენ, რომ პროექტი მარკეტინგული ხასიათისაა და მისი მიზანი მედიკამენტების რეალიზაციის მაჩვენებლის ზრდაა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეა ჯავახიშვილი ამბობდა, რომ ამ მიმართულებით კვლევა ჩაატარეს, რომელმაც დაადასტურა, რომ მედიკამენტების განვადებაზე მოთხოვნა არსებობს და სწორედ ამის გამო დადგა დღის წესრიგში მსგავსი პროექტის ამოქმედება.

განვადება ეხება ას ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტებს. ამ ფორმით შესაძლებელია ყველა სააფთიაქო პროდუქტის ყიდვა, რომლის ღირებულებაც 100 ლარს აღემატება. განვადების ხანგრძლივობა 3-დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს.

ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისის” აღნიშნული პროექტი სკეპტიკურად შეაფასეს ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ „კომერსანტთან” საუბარში აღნიშნა, რომ თავის დროზე მსგავსმა პროექტმა პენსიონერები ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.

„თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ნორმალური ფასები იქნება, არა მგონია განვადების აუცილებლობა დადგეს,”- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

ოპოზიციის წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი განაცხადა, რომ წამლების განვადების პროგრამა ქვეყანაში მედიკამენტებზე დაბალი ხელმისაწვდომობის შედეგია.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …