მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „ვხედავთ, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი“ – აპრილიდან ექიმები მხოლოდ გენერიკების გამოწერას შეძლებენ

„ვხედავთ, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი“ – აპრილიდან ექიმები მხოლოდ გენერიკების გამოწერას შეძლებენ

თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ ელექტრონული რეცეპტის სავალდებულო რეგისტრაცია ამოქმედდა. აპრილიდან კი ძალაში შედის ახალი კანონი, რომლის თანახმად, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

„პირველი ეტაპი იყო თურქეთის ბაზრის გახსნა. მომდევნო ნაბიჯია ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც ძალაში 1- ლი მარტიდან შევიდა. ამით, ჩვენს ბაზაში ვხედავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს, ასევე, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი. ანალიზის საფუძველზე, ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება ბაზრის უფრო მეტად დარეგულირებაში;

იმის გაკონტროლებაში, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა. ჩვენი გეგმის მომდევნო ეტაპზე, აპრილიდან, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი. ექიმი ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და არ შეიძინოს რომელიმე ქვეყნის წარმოებული, ან კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი.

ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ. საბოლოოდ, მივიღებთ კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხება თურქული მედიკამენტების შემოსვლას ქართულ ბაზარზე, აზარაშვილის თქმით, დაახლოებით, 1 თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, GMP სტანდარტის, მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტი საქართველოში ყველა წესისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება.

„ორ მსხვილ იმპორტიორს რამდენიმე კვირაა, თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები და ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის 35-ზე მეტი მედიკამენტი. ასევე, რეგისტრაციაზე შემოსულია, დაახლოებით, 50 განაცხადი, რომელსაც დაჩქარებული რეჟიმით ვარეგისტრირებთ. ვფიქრობ, მომავალი ერთი თვის განმავლობაში, სრულად მოხდება ყველა იმ  მედიკამენტის შემოტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა. ეს არის, დაახლოებით, 200 მედიკამენტი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, თურქეთში ხარისხის კონტროლის მკაცრი რეგულაციები მოქმედებს და აკმაყოფილებს როგორც GMP, ისე ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა მოთხოვნებს.

„ამ ბაზრის გახსნით, ჩვენ ვხედავთ, რომ ათეულობით თურქულ მედიკამენტზე ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენი ოპონენტები დასაწყისში ამბობდნენ, თითქოს, თურქეთში წარმოებული მედიკამენტები არ არის ხარისხიანი. დარწმუნებული იყავით, რომ ეს ასე არ არის. „სტამბოლში პირადად ვიმყოფებოდი ორ უმსხვილეს, ფარმაცევტულ კომპანიაში რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც ხვდება ბაზარზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მედიკამენტები იწარმოება. მათ მიერ გაცემული დოკუმენტი კი საკმაოდ მაღალი სანდოობის არის, გამორიცხულია, რომ ამის უკან რაიმე პრობლემა იყოს. ასევე, ნებისმიერი იმპორტირებული მედიკამენტის შემთხვევაში, აუცილებელი წესით, ივნისიდან წლის ბოლომდე, ყველა იმპორტიორს ვთხოვთ GMP სტანდარტისა და სერტიფიკატის წარმოდგენას. ესეც თავის მხრივ, აზღვევს ფალსიფიკაციისა და უხარისხო მედიკამენტების ჩვენს ბაზარზე მოხვედრის რისკს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად ამ ეტაპზე, 30 -ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა 60%-80%-ით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. ფარმაცევტული კომპანიები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქულ მხარესთან, რათა მედიკამენტების ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწავდომი გახდეს.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …