მთავარი » დაზღვევა » ვინ აანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდება?

ვინ აანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდება?

ვინ აანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდება?

2019 წლის იანვრიდან საქართველოში, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სფეროებში დასაქმებულების სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს, თუმცა არ არის განსაზღვრული ასეთი პაკეტის მინიმალური ღირებულება. შესაბამისად, დამსაქმებელს შეუძლია ვალდებულება ფორმალურად, მაგალითად 5-ლარიანი პაკეტის შეძენით შეასრულოს, რაც, დასაქმებულის დაშავების შემთხვევაში, მკურნალობის და რეაბილიტაციის რეალური ღირებულების ანაზღაურებას ვერ უზრუნველყოფს.

კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება, რომელსაც ლიმიტები უნდა დაედგინა, ჯერ 2019 წლის სექტემბერში, შემდეგ კი 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა აღნიშნული პროცესი ბოლომდე არ მისულა.

როგორც jandacva.ge-ს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში განუმარტეს, მომეტებული რისკის შემცველი სფეროების გარდა, სხვა სექტორებში დასაქმებულების უფლებებს ამ კუთხით, სავარაუდოდ, სოციალური კოდექსი დაარეგულირებს, რომელზე მუშაობის დაწყებაც გუშინ დაანონსდა. თუმცა, დასაქმებულს, დაშავების შემთხვევაში, დღეს არსებული კანონმდებლობაც იცავს. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის დაშავების ფაქტის შესახებ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შრომის ინსპექციას უნდა აცნობოს, რის შემდეგაც ინსპექციის თანამშრომლები ადგილზე აფასებენ სამუშაო პირობებს. ამის შემდეგ კი საქმე სამოქალაქო კოდექსის ფარგლებში, სასამართლოში გადაინაცვლებს, სადაც დამსაქმებელს, შრომის ინსპექციის მიერ შედგენილი შესაბამისი მოხსენების საფუძველზე, ზიანის ანაზღაურებას მოეთხოვება.

შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ დამსაქმებლებს, როგორც წესი, არ სურთ საქმის სასამართლოში გადასვლა და ამიტომ ურჩევნიათ, თავად გაიღონ დაშავებული თანამშრომლის მკურნალობის, საჭიროების შემთხვევაში კი რეაბილიტაციის ხარჯებიც, რადგან მაღალია  იმის ალბათობა, რომ აღნიშნულ ვალდებულებას მათ სასამართლო, შრომის ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, დიდი ალბათობით, დააკისრებს.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …