საქართველო თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანაა და ვერავინ ვერ დაავალდებულებს ვერავის რომ დახუროს ობიექტი.
ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტარისას აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ ზურაბ აზარაშვილის თქმით, საქართველოში იმაზე სამჯერ მეტი აფთიაქია, ვიდრე საჭიროა.
„იმისთვის, რომ დეფიციტი არ შეიქმნას, სხვადასხვა მექანიზმი უნდა ჩაერთოს. საკმარისი არაა მხოლოდ რეგულაციები. თუ დღეს რომელიმე მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტები გვექმნება, სპეციალური ჯგუფი გავაკეთეთ, სადაც შემოდის ზარები და პრეტენზიები, როცა კონკრეტულ მედიკამენტებს კონკრეტული აფთიაქები არ გასცემენ. ცალკე პრობლემაა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი აფთიაქია – იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე ქვეყანას სჭირდება და ამ აფთიაქების გაფანტულობის გამოც შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი ეს პრობლემები. აქ შეიძლება მცდელობებთან გვქონდეს საქმე, მაგრამ რეაგირება და მონიტორინგი კარგად მუშაობს,“ – განაცხადა მინისტრმა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წინაშე გამოსვლისას.
ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით კი, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების დეფიციტი არ შექმნილა. ამასთან, მისი თქმით, დღეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მიდის იმაზე საუბარი, რამდენადაა კავშირი მედიკამენტის სარეალიზაციო ფასსა და აფთიაქების რაოდენობას შორის.
„აფთიაქების რაოდენობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სტანდარტი არსებობს. არის სტანდარტი, რომლის თანახმად გარკვეული რაოდენობის მოსახლეობაზე საჭიროა მინიმუმ ამდენი აფთიაქი. ანუ არაა საუბარი იმაზე, რომ მეტი აფთიაქი არ შეიძლება იყოს. მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა ამაზე არაფერს არ იძახის. ესაა თავისუფალი ბაზარი. მეორე კითხვა ჩნდება – რამდენად მოქმედებს აფთიაქების რაოდენობა წამლის სარეალიზაციო ფასზე. ამაშია დისკუსია და თანამშრომლობა, რომელიც იმართება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ვერავინ ვერ დაავალდებულებს ვერავის, რამე დახუროს. ასეთი კანონი არ არსებობს და იმედია არც იქნება. ამაზე მიდის ახლა საუბრები – რა განაპირობებს წამლის ფასს, რამდენად ადეკვატურია დამოკიდებულება აფთიაქების რაოდენობას და მედიკამენტის სარეალიზაციო ფასს შორის,“ – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, დღეს არ არსებობს დასაბუთება, რომ ამ ორ ფაქტორს შორის კორელაციაა. ამასთან, მისივე განცხადებით, წამლების დეფიციტის შექმნა გაუმართლებელია, რადგან საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება.
„თუ სადისტრიბუციო მხარე ან სახელმწიფო დათვლის და დადებს დასკვნას, რომ უშუალო კავშირია, მე როგორც 25 წლის განმავლობაში ამ დარგში მოღვაწე ადამიანი, ვიტყვი რომ ასეა, მაგრამ ჯერ კავშირს ვერ ვხედავ,”- აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, არის იმის გაგება, რომ წამლის დეფიციტი დაუშვებელია, რადგან ამაზე დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე.