ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ შეიმუშავაფანასკერტელის ინდექსი, რომლითაც მედიკამენტებზე ფასთა ცვლილებას სწავლობს.
მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, ასოციაცია აცხადებს, რომ ბოლო ოთხი თვეა, პრეპარატებზე ფასის კლების ტენდენცია შეინიშნება.
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების“ წევრი ვახტანგ ლემონჯავა ეხმაურება საკითხს და იმ ორ ძირითად ფაქტორზე საუბრობს, რამაც, მისი აზრით, მედიკამენტებზე ფასების კლება გამოიწვია:
„ჩემი მოსაზრება იქნება სუბიექტური, მაგრამ ვეცდები, ობიექტურად შევაფასო ეს მოვლენა. მედიკამენტებზე ფასების კლების ორ ფაქტორს გამოვყოფ. პირველი, ეს არის მძიმე ეკონომიკური პირობები, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, იწვევს ფასების კლებას. ეს ბუნებრივია, როდესაც ეკონომიკა არის მძიმე მდგომარეობაში. და მეორე, მოგეხსენებათ, ქართული ფარმაცევტული ბაზარი არის მონოპოლისტური.
ფაქტობრივად, არ არსებობს კონკურენტული გარემო. ბაზარზე კი ახალი მონოპოლისტი შემოიჭრა. იგი დემპინგურ ფასწარმოქმნას აკეთებს, რომ ძალიან მოკლე დროში აითვისოს ბაზრის გარკვეული სეგმენტი.
ყველაზე ხშირად სწორედ ეს ხერხი გამოიყენება, რომ მონოპოლია ხელში ჩაიგდოს ახალმა კომპანიამ. ამის შემდეგ ფასებზე მხოლოდ ერთი ფაქტორიღა იმოქმედებს და ეს იქნება მძიმე ეკონომიკური პირობები. მან შესაძლოა გარკვეულწილად მოახერხოს ფასების რეგულაციაზე გავლენა, როცა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა თანდათან დაიწყებს კლებას. ეს ტენდენცია უკვე გამოჩნდა. ასეთ დროს ბიზნესი იძულებულია, დაწიოს ფასები, რომ მოსახლეობამ რამენაირად შეძლოს მედიკამენტების ყიდვა.
აი, ეს ორი ფაქტორი, რომელსაც გამოვყოფ: ესაა დემპინგი და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა,“ – ამბობს ვახტანგ ლემონჯავა.