კლინიკა “ინტერმედის” კარდიოლოგმა თამარ მანჯგალაძემ. მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტები ვეღარ ახერხებენ წამლების შეძენას, რადგან მედიკამენტები კატასტროფულად გაძვირებულია:
,,მედიკამენტები ძალიან გაძვირდა და ფასი ყოველდღიურად მატულობს. პაციენტები ვეღარ ახერხებენ შესაბამისი წამლის შეძენას უსახსრობის გამო და აქედან გამომდინარე, ექიმებსაც ძალიან უჭირთ მათთვის რეცეპტის გამოწერა. მედიკოსები ცდილობენ, რომ პაციენტის სახსრების შესაბამისად დანიშნონ მედიკამენტოზური მკურნალობა. მართლაც, ძალიან რთული სიტუაციაა ამ მრივ, და კარგი იქნება, თუ როგორმე დარეგულირდება შექმნილი პრობლემები.
სამინისტროს ინიციატივა, რომელიც ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებას ითვალისწინებს, მისაღებია, ამავე დროს უნდა გამკაცრდეს ხარისხზე კონტროლი, ასევე აუცილებელია, ჯენერიკების შესახებ პაციენტებში გაიზარდოს ინფორმირებულობის დონეც. ასეთ დროს, ჯენერიკების მიმართ ნდობა გაიზრდება და მისი ხარისხიც ეჭვის ქვეშ აღარ იქნება’’.
ოჯახის ექიმმა ანა ანთაძემ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და დღეს არსებულ მდგომარეობას კატასტროფული უწოდა:
,,ყველა მედიკამენტი გაძვირებულია. პაციენტები, ფიზიკურად, ვეღარ ახერხებენ მედიკამენტების შეძენას და მკურნალობას. მართლაც, რომ კატასტროფული სიტუაციაა ამ მხრივ. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო დაარეგულირებს პრობლემებს და ინიციატივას, რომელიც ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებას ითვალისწინებს, მივესალმები. ამათან, მედიკამენტების ხარიხზე კონტროლის გამკაცრებით ინდური წარმეობის მედიკამენტების მიამრთ ნდობა ამაღლდება და პაციენტი მის ხარისხსა და ეფექტურობას ეჭვის ქვეშ აღარ დააყენებს“.
მედიკამენტების ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და ჯენერიკ პრეპარატების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ,,საზოგადოებრივი დამცველის“ და ,,ჯანმრთელი სამყაროს“ დამფუძნებელმა ირინა ფუტკარაძემ ისაუბრა:
“საქართველოს მედიცინის ერთ–ერთი უდიდესი პრობლემა და გამოწვევა არამხოლოდ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობაა, არამედ უფრო მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქართული მედიცინისთვის მედიკამენტების მოხმარების მაღალი პროცენტულობა. 100 პროცენტიდან დაახლოებით 65–70 % შემთხვევებში მკურნალობის გეგმაში მედიკამენტოზური მკურნალობის წილია.
ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით ძალიან ბევრი საინფორმაციო კამპანია აქვს ჩასატარებელი, შეიმუშაოს რეკომენდაციები სხვადასხვა საერთაშორისო, თუნდაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად. იქნებ როგორმე დავწიოთ მედიკამენტების როლი მკურნალობაში, რაც ძალიან მაღალია და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია“.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ჯანდაცვის სამინისტროსთვის ერთ–ერთ გამოწვევად რჩება.
„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს აპელირებას ამ საკითხზე. მაგრამ არის მეორე მხარე – ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ვიცით, რომ მედიკამენტები ძალიან ძვირია და ფასი ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. შემომტანს წამალი ისედაც მაღალ ფასში შემოაქვს და თუ ვალუტის კურსთან მიმართებაში ცვლილებები მოხდება, ეს წამლის ფასის კატასტროფულ მატებას გამიწვევს.
ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება, მერწმუნეთ, არ დაარეგულირებს ამ პრობლემას, რადგან ქართული ბაზრის დიდი ნაწილი ისედაც მოიცავს ჯენერიკებს და საკმაოდ ძვირი ღირს. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შეისწავლოს საერთაშორისო ბაზრები.
წამყვან ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის, ინგლისსა და გერმანიას, ამ მიმართულებით დაწესებული აქვს ფასნამატის ზედა ზღვრები და იქ შემომტანმა იცის, რომ რომელ პრეპარატზე რა ფასია მისაღები და მასზე ძვირად ვერ შემოიტანს მედიკამეტს ბაზარზე. წარმოიდგინეთ, ეს ხდება განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია მაღალ დონეზეა და ბიზნესი თავისუფალ გარემოში მუშაობს. სახელმწიფომ რომ დააწესოს ზღვარი, ბუნებრივია შემომტანი კომპანია ან კერძო პირი დაარეგულირებს პრობლემას.
ასეთი ლიბერალური მიდგომა, როგორიც დღეს მედიკამენტების ბაზარზე არის, მიუღებელია. ეს არის შესასწავლი თემა, არსებობს აპრობირებული, კარგად გამოცდილი მეთოდები, რომელთა დანერგვაც შეიძლება, რაც მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემას მოაგვარებდა ქვეყანაში“.
როდესაც მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზეა საუბარი, იქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ხარისხის პრობლემაც. დღეს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ბუნდოვანია რეალურად რა ხარისხის მედიკამენტი შემოდის. მაკონტროლებლები მხოლოდ ეყრდნობიან იმ დოკუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც შემოდის ბაზარზე მედიკამენტები.
„აქედან გამომდინარე, უნდა გაძლიერდეს შიდა კონტროლის მექანიზმები. შეიძლება ასიათასობით მედიკამენტის კონტროლი და შესწავლა არ მოხდეს, მაგრამ ხომ შეიძლება რომ შერჩეული იქნას მედიკამენტები რიგითობის ან რაიმე სხვა მეთოდით და იქნას შესწავლილი?!
ვრცელდება ინფორმაცია ბისის მედიკამენტების ქართულ ბაზარზე შემოტანის შესახებ. ვინც ცოტა ღრმად არის ჩახედული მედიკამენტების მწარმოებლებთან მიმართებში, მან იცის, რომ ინდოეთში არის მღალი სტანდარტის წარმოებები და მართლაც ძალიან სერიოზული წამლების წამოება ხდება იქ. ხელაღებით იმის თქმა, რომ არცერთი ინდური წამალი არ ვარგა, არ შეიძლება.
უნდა ვიცოდეთ რომელი მწარმოებლის მედიკამენტი შემოდის ბაზარზე და მხოლოდ შემდეგ ვიმსჯელოთ. ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, რომ ზრუნავენ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ბუნებრივია, პოზიტივია, მაგრამ უფრო სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს ეს საკითხი“, – განმარტა ირინა ფუტკარაძემ.