„ჩვენთვის საკმაოდ გაუგებარია კლინიკების პრეტენზიები. ვიცით, რომ პანდემიური რეჟიმი იყო და დატვირთულობაც შესაბამისი, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მზად უნდა ყოფილიყვნენ და უნდა ეფიქრათ, რომ პანდემია დასრულდებოდა და მათ მოუწევდათ გადაწყობა. ეს ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესია, ერთი სერვისი იხურება და სხვა სერვისის
მიმართულებით უნდა გადავიდნენ“, – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, კერძო კლინიკების პრეტენზიების საპასუხოდ განაცხადა.
საუბარია კლინიკების წარმომადგენელთა განცხადებებზე, რომელთა თანახმად, სამინისტრომ კლინიკებს კოვიდ-მიმართულების დემობილიზების შესახებ კონტრაქტის გაწყვეტამდე 5 დღით ადრე აცნობა, რამაც სამედიცინო დაწესებულებებს პრობლემები შეუქმნა. კლინიკებში ამბობენ, რომ ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად მათ ფინანსები და დრო დასჭირდებათ, რაც პრობლემურია.
ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ ახალ რეჟიმზე გადაწყობა რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც მიმდინარეობს, რის გამოც კლინიკა პაციენტთა მომსახურებას დროებით შეზღუდავს.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იგივე პრობლემები, ფინანსურ ნაწილში დანახარჯები გადაწყობასთან დაკავშირებით სახელმწიფო კლინიკებშიც არის. მაგალითად რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ყველაზე დიდი სახელმწიფო კლინიკაა, გადადის იმ რეჟიმში, რომ დროებით შეიზღუდება, სამედიცინო სერვისის მიწოდება, რადგან კლინიკა გადავიდეს ჰიბრიდულ რეჟიმზე. რა თქმა უნდა ეს დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლინიკებმა უნდა გასწიონ იმისთვის, რომ შემდეგ შეძლონ ახალი და ხარისხიანი სევრისების მიწოდება პაციენტებისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.