მთავარი » დაზღვევა » უნდა დაავალდებულოს თუ არა კანონმა კომპანიები, თანამშრომლებს დაზღვევა შეუძინონ – ექსპერტის მოსაზრება

უნდა დაავალდებულოს თუ არა კანონმა კომპანიები, თანამშრომლებს დაზღვევა შეუძინონ – ექსპერტის მოსაზრება

საქართველოში სავალდებულო დაზღვევის პირველი მასობრივი პრეცედენტი იქმნება. საუბარია მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, რომელიც, არსებული გეგმით, პარლამენტმა წელს უნდა დაამტკიცოს და ის, სავარაუდოდ, მომავალ წელს ამოქმედდება. მოჰყვება თუ ამას სავალდებულო სახით სხვა სახის, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევის ამოქმედება?

სავალდებულო დაზღვევის ცენტრის გენერალური დირექტორის  გიორგი ჩაჩუას განცხადებით, შესაძლოა ეს იყოს ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა კომპანიების ჭრილში. ანუ კანონმა დაავალდებულოს კომპანიები, თანამშრომლები მინიმალური პაკეტით უზრუნველყონ.

„ასევე სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კარგადაა განვითარებული ისევე როგორც საპენსიო ნაწილი. ჩვენს შემთხვევაში ოპტიმისტურია  ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა, რადგან ესაა დაზღვევის პირველი სახეობა, რაც შეიძლება სავალდებულო სახით ამოქმედდეს,“ – განაცხადა  ჩაჩუამ.

მისი თქმით, ქვეყანაში ზოგადად დაზღვევის სფეროში საზოგადოების ცნობადობა დაბალია. ასეთ შემთხვევაში კი გამოსავალია სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება, რაც განვითარებად ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.

მისივე განცხადებით,  ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა განვითარებული და მდგრადია და  შესაბამისად მოსახლეობას პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ რჩება დანაზოგი სადაზღვევო პროდუქტების შესაძენად, დაზღვევის კულტურა ვალდებულების გარეშეც მაღალია.

საქართველოში კი, რომელიც განვითარებად ეკონომიკას მიეკუთვნება, სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა პრობლემაა, რადგან ადამიანები ორიენტირებულნი არიან პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე – კვებაზე, ტანსაცმლის შეძენაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია საზოგადოების მენტალიტეტიც, რომელიც რისკებზე არ ფიქრობს.

„ყველა ქვეყანას მსგავსი გზა აქვს გავლილი და რაღაც ეტაპზე სავალდებულო დაზღვევის შემოღება აუცილებელია,“- აღნიშნა გიორგი ჩაჩუამ.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …