მთავარი » სოციალური » შრომა » ტყიბულის მაღაროში გასულ წელს შრომის ინსპექტორებმა დარღვევები აღმოაჩინეს, რომლებიც კომპანიამ ნაწილობრივ გამოასწორა
ელზა ჯგერენაია "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ტყიბულის მაღაროში გასულ წელს შრომის ინსპექტორები იმყოფებოდნენ და სხვადასხვა მიმართულებით დარღვევებიც აღმოაჩინეს.

ტყიბულის მაღაროში გასულ წელს შრომის ინსპექტორებმა დარღვევები აღმოაჩინეს, რომლებიც კომპანიამ ნაწილობრივ გამოასწორა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ ტყიბულის მაღაროში გასულ წელს შრომის ინსპექტორები იმყოფებოდნენ და სხვადასხვა მიმართულებით დარღვევებიც აღმოაჩინეს.

ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ შრომის ინსპეციის რეკომენდაციების ნაწილი კომპანიამ არ შეასრულა.

– როდის იყო ჩატარებული შრომის ინსპეციის შემოწმება ტყიბულის მაღაროში და რა შედეგები დადგა შემოწმების შემდეგ? 

– ბოლოს ჩვენ ვიყავით გასულ წელს, თან 2-ჯერ. მიცემული იყო შესაბამისი რეკომენდაციები. შეთავაზებული იყო წინადადებები აღმოჩენილი დარღვევების გამოსასწორებლად, რაც გამოსწორდა ნაწილობრივ, ანუ არასრულყოფილად.

რაც შეეხება გუშინელი უბედური შემთხვევის ფაქტს, ჩვენ დავიწყეთ პირველადი მოკლვევა, რამდენად იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები, ვგულისხმობ, რამდენად იყო მათთვის კოლექტიური დაცვის საშუალებები უზრუნველყოფილი, რამდენად რეგულარულად უტარდებოდათ მათ ინსტრუქციები, ასევე მნიშვნელოვანია, დავაზუსტოთ, თვითმხილველებისგან, რამდენად არსებობდა სამოქმედო გეგმა, რომელიც მაღალი რისკის სამუშაოს შესრულების დროს აუცილებლად უნდა არსებობდეს.

ასევე, გვაინტერესებს, რამდენად იყო რისკები და საფრთხეები წინასწარ იდენტიფიცირებული და გათვალისწინებული, შესაბამისად, რა ზომებს მიმართავდა დამსაქმებელი, ჰყავადა თუ არა მაკონტროლებელი ზედამხედველი ამ სამუშაოს. ეს არის დაგროვილი საკითხები, რომელთა დასადგენად უნდა გამოიკითხონ თვითმხილველები, ასევე ადმინისტრაცია.

კომპლექსურად საგამოძიებო ორგანოებთან ერთად დაიდება დასკვნა. ამ დასკვნაში ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები გაიწერება, ასევე დასკვნას დადებს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, რომლის მთავარი ფუქნციაა, შეისწავლოს, რამდენად იყო ტექნიკური აღჭურვილობა გამართული.

– რა ტიპის დარღვევები იყო აღმოჩენილი თავის დროზე შრომის ინსპექტორების მხრიდან მაღაროში და შეეძლო თუ არა ამ დარღვევებს მსგავსი ტიპის შემთხვევა გამოეწვია? 

– დარღვევები ეხებოდა ისეთ საკითხებს, რომელსაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევისწავლით, ესენია: ელექტროუსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, ჰიგიენური ნორმები, კოლექტიური დაცვის საშუალებები. ამ შემთხვევაში სწორედ ამაზეა საუბარი, რამდენად იყო ასეთ მაღალი რისკის მქონე უბნებში ადამიანების უსაფრთხოება გათვალისწინებული. საუბარია, რამდენად იყო ვარდნის საწინააღმდეგო ქამრებით უზრუნველყოფილი ეს ხალხი და რამდენად აკმაყოფილებდა ეს ქამრები სტანდარტებს.

– შრომის ინსპექციის შენიშვნებს დღეს მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს და ამ მიმართულებით ცვლილებებს გეგმავთ, წელს მოესწრება თუ არა ამ ცვლილებების ამოქმედება? 

– დღეს ჩვენი შენიშვნები ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, ამიტომ უკვე მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეფექტიანს და სავალდებულოს გახდის ჩვენს რეკომენდაციებს. სავალდებულო გახდება მაღალრისკიანი, მძიმე, მავნე და საშიში პირობების საწარმოებში დაიწყოს შრომითი პირობების შემოწმება. უახლოეს მომავალში ეს პაკეტი მთავრობაში იქნება განხილული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, რამდენიმე მაღაროელი დაიღუპა.

bm.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …