მთავარი » ახალი ამბები » კანონპროექტი ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. პროექტის ავტორები დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და გიორგი ხეჩინაშვილი არიან.

კანონპროექტი ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

“ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. პროექტის ავტორები დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და გიორგი ხეჩინაშვილი არიან.

ავტორთა განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ტუბერკულოზის ეფექტური კონტროლის გზით ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილება, ტუბერკულოზის შემთხვევის მართვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა და ტუბერკულოზით დაავადებული პირისთვის საჭირო დახმარების გაწევა.

კანონპროექტით დგინდება სავალდებულო გამოკვლევის წესი და პირობები, განისაზღვრება კონკრეტული დავალებები (ნორმატიული ბაზის შექმნა) ჯანდაცვისა და პენიტენციური სამინისტროებისათვის, ასევე შემუშავდა ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პირის იზოლაციის მექანიზმი.

“არანებაყოფლობითი იზოლაცია ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა. ამას არაერთი ქვეყანა მიმართავს, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც ტუბერკულოზის პრობლემა თითქოს არ აქვთ. არსებობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც არ ემორჩილება არავითარ ახსნა-განმარტებას, შთაგონებას, სოციალურ მოტივაციას და ა.შ.

კანონპროექტში რეგულირდება ეს საკითხი და მიზანია ტუბერკულოზის გავრცელებისა და საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საფრთხის თავიდან აცილება. ეს არის უკიდურესი ღონისძიება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა რესურსი ამოწურულია. ეს არის ის შემთხვევები, როდესაც პაციენტი ან სავალდებულო გამოკვლევაზე ამბობს უარს, ან რაღაც მიზეზის გამო წყვეტს მკურნალობას”, – განმარტავს გიორგი ხეჩინაშვილი.

კანონპროექტის მიხედვით, არანებაყოფლობითი იზოლაციის პროცესში მონაწილეობს როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ისე სამედიცინო დაწესებულებები და სასამართლო.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …