მთავარი » კვირის ინტერვიუ » თუ პირველადი ჯანდაცვა სწორად მუშაობს, ეს არის ნაკლებად ხარჯვადი დარგი
სადაც პირველადი ჯანდაცვა კარგად მუშაობს, პრევენციული როლის ეფექტურობის გაზრდის ხარჯზე, მნიშვნელოვნად არის შემცირებული მეორე,მესამე კომპონენტის ხვედრითი წილი

თუ პირველადი ჯანდაცვა სწორად მუშაობს, ეს არის ნაკლებად ხარჯვადი დარგი

„პირველადი ჯანდაცვა არის ერთგვარი ფილტრი, რომელიც საშუალებას იძლევა სწორი და ეფექტური მიმართულება მივცეთ თავად ჯანდაცვის სისტემაში შემოსული ბენეფიციარის მკურნალობის პროცესს. ანუ თავად სამედიცინო პროცესი გავხადოთ ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული.

თუ პირველადი ჯანდაცვა ახერხებს და მომავალში მოახერხებს, რომ  გარკვეული პრევენციული როლი შეასრულოს ამა თუ იმ ნოზოლოგიის შემდგომი განვითარების კუთხით და არ მისცეს ამ ნოზოლოგიას მეორე და მესამე კომპონენტში გადასვლის საშუალება, მაშინ შესაძლებელია ე.წ. ჰოსპიტალური გადაუდებელი ოპერაციების და ა.შ. ხვედრითი წილი  ბუნებრივად შემცირდეს.

განვითარებულ ქვეყნებში, სადაც პირველადი ჯანდაცვა კარგად მუშაობს, პრევენციული როლის ეფექტურობის გაზრდის ხარჯზე, მნიშვნელოვნად არის შემცირებული მეორე და მესამე კომპონენტის ხვედრითი წილი ზოგადად ჯანდაცვის სისტემაში და ჯანდაცვის ხარჯებში”, – აცხადებს კალანდაძე.

-რატომ არის ამ რგოლის რეფორმა  სახელმწიფოებრივად და ფინანსურად მნიშვნელოვანი? 

-წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, ბენეფიციარი იღებს კომპეტენტურ კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურეობას და მისი სამედიცინო ნოზოლოგიის გართულების შემდგომ ეტაპებში გადასვლის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. ამავდროულად, სახელმწიფოსთვის ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ პირველადი ჯანდაცვა სწორად მუშაობს, ეს არის ნაკლებად ხარჯვადი დარგი.

ხოლო უფრო კაპიტალტევადი არის ჰოსპიტალური და საოპერაციო კომპონენტი ჯანდაცვაში. ამის შემცირების ხარჯზე, ბუნებრივია, ხარჯთეფექტურობის კუთხით გარკვეული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას გრძელვადიან პერსპექტივაში და მთავარი აქცენტი გაკეთდეს სწორედ პირველად ჯანდაცვაზე. ამით, ერთის მხრივ, იგებს ბენეფიციარი, ანუ საზოგადოება, მეორე მხრივ კი იგებს სახელმწიფო ბიუჯეტი, რადგან აქტუალური ხდება ნაკლებად კაპიტალტევადი სამედიცინო კომპონენტის განვითარება.

ამას სჭირდება სწორი დაგეგმვა და იმ პრაქტიკის გათვალისწინება, რაც დასავლეთმა ძალიან დიდი ხნის წინ სწორი აქცენტების დასმით უზრუნველყო. დასავლეთმა მიაღწია იმას, რომ ჯანდაცვა არის ხელმისაწვდომი. იმის გამო, რომ სწორად არის ორგანიზებული თავად სამედიცინო პროცესი, მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს ერთეულ ბენეფიციარზე გაწეული მარგი ქმედების კოეფიციენტი.

შესაძლებელია, ჯანდაცვაზე ჯამური დანახარჯი შემცირდეს, მაგრამ ამ დანახარჯის მარგი ქმედების კოეფიციენტი, ანუ ეფექტი ერთ ბენეფიციარზე, მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს უნდა იყოს მთელი რეფორმისა და ახალი რეფორმების დანერგვის არსი ჯანდაცვის სისტემაში.

ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტრო სწორად მიდის, მაქვს მოლოდინი, რომ კვალიფიკაცია, რაც აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორ კომპანია „გლობალ ალიანსს”, სწორად იქნება გამოყენებული და სწორად იქნება დანახული ის გამოწვევები, რაც გვაქვს.

მთავარი გამოწვევა  გახლავთ, რომ სისტემა გავხადოთ ორიენტირებული ხარისხისა და კვალიფიკაციის ზრდაზე და ასევე დაინერგოს  სისტემაში გარკვეული ფინანსური თვითკონტროლის ელემენტები. სისტემა თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზედმეტი ფინანსები არ დასჭირდეს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.

-პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გეოგრაფიულ წვდომაზე რას გვეტყვით, როგორ უნდა დარეგულირდეს აღნიშნული საკითხი? ანუ, პაციენტი  ცხოვრობს რაიონულ ცენტრში, ოჯახის ექიმის მომსახურება სად უნდა მიიღოს, რომ მისთვის ხელმისაწვდომობა იქნეს უზრუნველყოფილი? 

-ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი მუშაობის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ვგულისხმობ არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ტექნიკურ მხარეს. ადამიანისთვის ხელმისაწვდომობა განისაზღვრება არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით, არამედ იმით, რომ ლოჯისტიკური ქსელი ისე იყოს აწყობილი, რომ ექიმთან დაკავშირება იყოს მაქსიმალურად სწრაფი და მოხერხებული.

საკმაოდ საინტერესო მოდელია რეგიონალური საავადმყოფოების პროექტი, მაგრამ ეს უნდა იყოს კომბინირებული მოდელი. სამედიცინო რეგიონული ცენტრი უნდა იშლებოდეს რაიონის და სოფლის ექიმის დონეზე. სოფლის ექიმის პროგრამა ოპონენტების მხრიდან გარკვეული საჯილდაო თემა გახდა თითქოს, თუმცა სოფლად მცხოვრები მოქალაქისთვის, რომელიც რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული რაიონულ ცენტრთან, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სოფლის ექიმის ინსტიტუტს.

პირველადი ჯანდაცვა სოფლის დონეზე არის სწორედ სოფლის ექიმი. სოფლის ექიმი პირველადი დარტყმის მიმღებია და პირველადი კონტაქტია ბენეფიციართან”- აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …