ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას ბაზარზე, ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებასა და მათი გამოყენების საკითხს, პედიატრი ლია კაპანაძე გამოეხმაურა.
“უფლება არ მაქვს, ჯენერიკებს არ ვენდობოდე. მითუმეტეს, მათი ფასი დაბალია და ხელმისაწვდომია ოჯახებისთვისა და პაციენტების მშობლებისათვის. მათ მიმართ ნდობა პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა. მთავარია, რომ პრეპარატის შედეგიანობა იყოს მაღალი და კმაყოფილი დარჩეს პაციენტი, მშობელი და მეც“, – განაცხადა ლია კაპანაძემ.
პედიატრი ასევე შეეხო მედიკამენტის მწარმოებელ ქვეყნებს და აღნიშნა, რომ დღეს დამკვიდრებული მიდგომებები და სტერეოტიპები უნდა შეიცვალოს.
„ინდური წარმოების მედიკამენტი უხარისხოა! – ეს არასწორი შეხედულებაა“, – აღნიშნავს ექიმი და შექმნილ მდგომარეობას ინფორმაციულობის დაბალ დონეს მიაწერს.
„არ ვეთანხმები მიდგომას, რომ რომელიმე ქვეყანაში, თუნდაც ინდოეთში წარმოებული მედიკამენტები არ ვარგა და უხარისხოა. მშობელი ექიმმა უნდა დაარწმუნოს მედიკამენტის ხარისხში და დასაბუთებული და დამაჯერებელი ინფორმაცია მიაწოდოს. მის ხარისხსა და შედეგიანობაში, თავად უნდა იყოს დარწმუნებული. თუ მედიკამენტი ხარისხიანი, ეფექტური და სანდოა, მნიშვნელობა არ აქვს მწარმოებელ ქვეყანას.
მითუმეტეს, დღეს მსოფლიოში იმდენად დიდია კონკურენცია, ყველა ფარმაცევტული კომპანია ცდილობს ხარისხიანი პროდუქტი შექმნას და ბაზარზე გაიტანოს. თუმცა, პედიატრის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია მშობლის ფაქტორიც. როდესაც მათ არ სურთ, ამა თუ იმ ქვეყანაში წარმოებული პრეპარატი არ დავნიშნოთ, ვერც ვუწერ. თუმცა, ჩემთვის, როგორც ექიმისთვისა და მომხმარებლისთვის, მთავარი მედიკამენტის შედეგია“, – ამბობს ლია კაპანაძე.