შ.პ.ს. „ნეოფარმის“ მარკეტინგული ჯგუფის მენეჯერი ირმა მელაძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას მიიჩნევს.
ამასთან, საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებას, ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, მითს უწოდებს.
„როგორც ასეთი, ჯენერიკის განმარტების კონკრეტული წესი არ არსებობს, თუმცა მომხმარებელისთვის განვმარტავ, რომ ეს არის მედიკამენტი, რომლის მოქმედი ძირითადი ნივთიერება იდენტური და ეფექტურია, რაც ბრენდული პრეპარატის. მათ შორის, დოზირება, შემადგელობა თუ ფარმაკოლოგიური შედეგიანობა ანალოგიურია. განსხვავება ბრენდსა და ჯენერიკს შორის სახელწოდებასა და მწარმოებელ ქვეყანაშია. ინსტრუქციებსაც რომ გადავხედოთ, ზუსტად ემთხვევა აღნიშნული თვისებები და ფარმაცევტული მაჩვნებლები ერთმანეთს.
მაგალითად, ავიღოთ აზიტრომიცინი, რომელიც ძირითადი ნივთიერებაა და აღნიშნული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოდის სხვადასხვა დასახელებით,“ – განმარტავს ირმა მელაძე. მისივე განცხადებით მითია ის, რომ ყველა ინდური და ქართული წარმოების წამალი უხარისხოა.
„ზოგადად, განწყობაა საზოგადოებაში – არ სურთ ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტები. ესეც დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომელიც უნდა შეიცვალოს. თავად მიმიღია ინდური პრეპარატი და შედეგით კმაყოფილი ვყოფილვარ. ასევე, მიმიღია ევროპული წარმოების მედიკამენტი და შედეგი არაეფექტური ყოფილა. ესეც ინდივიდუალურია.
ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, შესაბამისად, პრეპარატიც ინდივიდუალურად მოქმედებს. თუმცა თუ მედიკამენტი ჩინური, ინდური ან თურქულია, ეს არ ნიშნავს, რომ ის უხარისხოა. შესაძლოა, პრეპარატი იყოს ევროპული წარმოების, მაგრამ არ აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ეს უკვე ქარხანაზეა დამოკიდებული, რამდენად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს,“ – განაცხადა ირმა მელაძემ.