შესაძლოა შემოდგომა-ზამთრის სეზონზე უბრალო გაცივებაც კი გართულებად იქცეს. ძალიან ბევრი ადამიანი ხომ გაცივების დროს ექიმის მითითებებს ზედმეტ ფორმალობად მიიჩნევს – უფროსები სიცხისდამწევი საშუალებების დალევის შემდეგ სამსახურში მიიჩქრიან, ბავშვები კი სკოლასა და საბავშვო ბაღში მიჰყავთ.
ხშირად, გრიპისადმი ასეთი ზერელე დამოკიდებულებას გართულებები მოჰყვება. ამიტომაც, სასურველია, საერთოდ არ შეგვხვდეს გრიპი ან ძალიან იოლ ფორმებში მოვიხადოთ. ეს განსაკუთრებით კომფორტულია მშობლებისთვის, რომლებსაც როგორც წესი, შინ მყოფი პატარებისთვის თავად “მიაქვთ” ვირუსები. გრიპიანი დედა ხომ ყველზე დიდი რისკია ჩვილისთვის.
ამ ყველაფრისგან თავდაცვა ვაქცინაციით არის შესაძლებელი. ეს ყველამ ვიცით, თუმცა რატომღაც გრიპის ვაქცინაცია არ არის ჩვენთან მასობრივად გავრცელებული, თუმცა საქართველოში ყოველთვის არის შესაძლებელი გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის და მისი საფასური საშუალოდ 40 ლარია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინაცია გრიპისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩაიტაროთ სეზონური გრიპის ეპიდემიის დაწყებამდე (იდეალურ შემთხვევაში სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე). ეს იმუნიტეტი ერთი წლის განმავლობაში ნარჩუნდება, თუმცა წლის ბოლოს მისი მოქმედების ძალა თანდათან იკლებს.
– წელს ვის მიეცემა გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის საშუალება?
– გრიპი არ არის აცრების ეროვნულ კალენდარში, შესაბამისად, ბავშვებზე უფასო გრიპის აცრა არ კეთდება. თუ მშობელს სურვილი აქვს, ყველას შეუძლია აცრას ბავშვი. სახელმწიფო აცრით უფასოდ უზრუნველყოფს განსაკუთრებული რისკის მქონე პაციენტებს, მათ შორის დიაბეტიან ბავშვებს, დიალიზზე მყოფ პაციენტებს, ბავშთა სახლებში და საოჯახო ტიპის ბავშთა სახლებში მცხოვრებ ბავშვებს,მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფ მოხუცებს. სახელმწიფო ასევე გრიპის აცრით უზრუნველყოფს აივინფიცირებულ პაციენტებს . სხვა შემთხვევაში გრიპზე აცრა არის ფასიანი. ჯამში ქვეყანა გრიპის ვაქცინისთვის 27 000 დოლარს გამოყოფს. წელს მოსალოდნელი გრიპის ვირუსის ვაქცინაში შედის სამი კომპონენტი. H1N1, H3N2 და B .
– რომელი ასაკიდან არის ბავშვის გრიპზე აცრა რეკომენდებული?
– ერთი წლის ასაკიდან შეიძლება აიცრას.
– დაიწყო უკვე მომართვიანობა?
– კონკრეტულად ვერ გეტყვით, ამ დროისთვის მომართვიანობა როგორია გრიპის ვაქცინაზე. წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვეულებრივ, წლის განმავლობაში 5000-დან 10 000-მდე ადამიანი იცრება მთელ საქართველოში გრიპის ვაქცინაციაზე.