„თოდუას კლინიკის“ ახალი ფილიალი, რომელიც ვერაზე მდებარეობს, პაციენტებს მომავალი კვირიდან მიიღებს. ფილიალი გასული წლის ოქტომბერში უნდა გახსნილიყო, თუმცა პანდემიამ ეს პროცესი შეაფერხა.
კლინიკასი აცხადებენ, რომ განსაკუთრებული აქცენტი მომსახურების ხარისხზე კეთდება და ამ მიმართულებით დიდი რესურსი ჩაიდო, რადგან მიაჩნიათ, რომ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, პაციენტი არამხოლოდ კვალიფიციურ მკურნალობას, არამედ საუკეთესო სერვისსაც უნდა იღებდეს კომფორტულ გარემოში. მომსახურება კიდევ უფრო ინდივიდუალიზებული გახდება, პაციენტებს ეყოლებათ პერსონალური მენეჯერი.
ფილიალი ვერაზე, ნიკოლაძის 10 ნომერში, ყოფილი „ვერე პალასის“ შენობაში მდებარეობს.
ფილიალში ამბულატორიული მიმართულების ყველა სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. სტაციონარი და ქირურგიული განყოფილება აღნიშნულ ფილიალში წარმოდგენილი არ იქნება. ეს სერვისები ცენტრალურ კლინიკაში ფუნქციონირებს, რომელიც თევდორე მღვდლის 13 ნომერში მდებარეობს.
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე, უნიკალური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ცენტრი 1991 წელს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიერ დაარსდა. პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება, მათ შორის: გენეტიკური კვლევები, პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია (პეტ/კტ), ენდოციტოსკოპია, ინტერვენციული რადიოლოგია, ტრანსბრონქული ბიოფსია, ლაპაროსკოპული ონკოქირურგია, იმუნოთერაპია, რადიოქირურგია. კლინიკაში აცხადებენ, რომ ცენტრი ერთადერთია საქართველოსა და მთელ რეგიონში, სადაც შესაძლებელია ისეთივე მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორც ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში.
ახლო მომავალში დაგეგმილია აპლიკაციის ჩაშვება, რომელიც არა მხოლოდ ჩაწერის, ანალიზების და სხვა დანიშნულებების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, არამედ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ყოველდღიური ცხოვრების გამარტივების გზაც იქნება.