თოდუას კლინიკა ფართოვდება – სექტემბერში სამედიცინო დაწესებულება ფილიალს ვერაზე, ნიკოლაძის 10 ნომერში, ყოფილი „ვერე პალასის“ შენობაში გახსნის.
როგორც jandacva.ge-ს კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ფილიალში განთავსდება ამბულატორია, სადაც ამბულატორიული მიმართულების ყველა სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. სტაციონარი და ქირურგიული განყოფილება აღნიშნულ ფილიალში წარმოდგენილი არ იქნება. ეს სერვისები ცენტრალურ კლინიკაში ფუნქციონირებს, რომელიც თევდორე მღვდლის 13 ნომერში მდებარეობს.
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე, უნიკალური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ცენტრი 1991 წელს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიერ დაარსდა. პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება, მათ შორის: გენეტიკური კვლევები, პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია (პეტ/კტ), ენდოციტოსკოპია, ინტერვენციული რადიოლოგია, ტრანსბრონქული ბიოფსია, ლაპაროსკოპული ონკოქირურგია, იმუნოთერაპია, რადიოქირურგია. კლინიკაში აცხადებენ, რომ ცენტრი ერთადერთია საქართველოსა და მთელ რეგიონში, სადაც შესაძლებელია ისეთივე მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორც ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში.