პრობლემები ბევრია, მართალია, იდეოლოგია სტრატეგია და შედეგები პოზიტიურია, მაგრამ ტკბობის დრო არ არის, რადგანაც ნებისმიერმა მოდელმა შეიძლება არასწორი განვითარება განიცადოს,
– აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ჯანდაცვის კომისიის წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმა დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას, საყოველთაო ჯანდაცვაზე, კერძოდ კი, საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე საუბრისას გააკეთა.
„ის, რომ ჯანდაცვის რეფორმა და საყოველთაო დაზღვევა პროგრესული მოვლენაა, ეჭვს არ იწვევს. დღეს არის მცდელობა, რომ ამ თემას ოპონირება გაუწიონ როგორც „ქართული ოცნების“ წარმატებულ პროექტს და გადაიყვანონ წინასაარჩევნო ფორმატში, თუმცა ეს ნორმალური მოვლენაა, როგორც ის, რომ ყველაფერს შევხედოთ კრიტიკულად და ოპონირების თვალით.
პრობლემა ბევრია, იდეოლოგია, სტრატეგია და შედეგები პოზიტიური, მაგრამ ტკბობის დრო არ არის, რადგანაც ნებისმიერმა მოდელმა შეიძლება არასწორი განვითარება განიცადოს, რაც შემდგომში სერიოზული პრობლემები იქნება, როგორც ფინანსური, ასევე ჯანმრთელობის კუთხითაც.
ეს არის პრობლემა, რომელიც არაერთგზის გაჟღერდა მასმედიაში, საპარლამეტო წრეებშიც და ადრესატი ამ შემთხვევაში ალბათ არის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და მისი შესაბისი სტრუქტურები, რადგანაც პრობლემა, პრობლემად რჩება და ეს რეფორმას დისკრედიტაციას და პოზიტიური ნაწილის გაფერმკრთალებას იწვევს.
ჩვენ გვინდა შედეგი და არა დაპირებები. ის, რომ მონაცემეთა ბაზაში პრობლემებია,უკვე გავიარეთ, ეს პრობლემები, საჭიროებენ სწრაფ და დროულ მოწესრიგებას“,-განაცხადა ხეჩინაშვილმა.