თიკმლების ნელი დაზიანება, ტკივილის გარეშე – ესაა უახლესი დაავადება, რომელიც კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ პაციენტების უმრავლესობას ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ამერიკის ნეფროლოგთა საზოგადოების ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაზე დაყრდნობით აქვეყნებს და წერს, რომ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც კოვიდი არ გადაუტანიათ, თირკმლების უკმარისობის მძიმე ფორმების რისკი ორჯერ ეზრდებათ იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც კოვიდი ჰქონდათ, თუმცა არ იყვნენ ჰოსპიტალიზებულნი და რომლებსაც მანამდე ამ ორგანოსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ.
სამეცნიერო ჟურნალის მონაცემებით, ეს პანდემიის კიდევ ერთი დამღუპველი ტვირთია.
კვლევის ავტორები წერენ, რომ დაავადება უმტკივნეულოდ და „წყნარად“ მიმდინარეობს და მისი სიმწვავე გადატანილი კოვიდის სიმძიმის შესაბამისია.
კვლევის თანახმად, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის კოვიდის გადატანის შემდეგ 10 ათასი ადამიანიდან 7,8 შემთხვევაში საჭირო ხდება დიალიზი ან თირკმლის ტრანსპლანტაცია.
„ეს პატარა ციფრი არ არის, თუკი მას გავამრავლებთ ამერიკელების დიდ რაოდენობაზე, ასევე მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება თირკმლების დაავადების ტერმინალური სტადია განუვითარდეს“ – განაცხადა მისურის შტატის სამედიცინო ეპიდემიოლოგიის ცენტრის დირექტორმა ზიად ალ-ალიმ.
მისი თქმით, ეს გრანდიოზული მასშტაბებია, რაც უახლოეს ათწლეულებში და მეტი ხნის განმავლობაშიც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს.
ალ-ალის უახლესი ანალიზი ეფუძნება კოვიდგადატანილი 90 ათასამდე პაციენტისა და 1,7 მილიონი ადამიანის მდგომარების შედარებას, რომლებსაც კორონავირუსი არასდროს გადაუტანიათ.
„რაც მართლაც პრობლემატურია, არის ის, რომ თირკმლების დაავადება არ ვლინდება ტკივილის ან სხვა სიმპტომების სახით,“ – განაცხადა ალ-ალიმ.
მან და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ არაჰოსპიტალიზებულ კოვიდპაციენტებს თირკმლების მწვავე დაზიანების რისკი 6 თვის განმავლობაში 23%-ით ეზრდებათ.
„თუ ეს ნამდვილად ხდება უფრო ფართო მასშტაბით – და ჩვენი აზრით, ეს ასეცაა – უბრალოდ დროის საკითხია, რომ დავინახოთ, როგორ მიმართავენ ეს ადამიანები კლინიკებს, როგორ დასჭირდებათ მათ დიალიზი, ტრანსპლანტაცია, და ეს ჯანდაცვის სისტემას ძალიან ძვირი დაუჯდება,“ – განაცხადა მედიკოსმა.