მთავარი » კვირის ინტერვიუ » თინათინ ტურძილაძე: ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების თერაპია იაფი გენერიკებით მიდის
ამ ეტაპზე ბაზარზე ფასების თერაპია იაფი გენერიკებით მიდის - მიზანი მონოპოლიური ფასების ეროზიაა,თეორიულად ეს სქემა სწორია,თუმცა ეს წინააღმდეგობრივი პროცესებია.

თინათინ ტურძილაძე: ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების თერაპია იაფი გენერიკებით მიდის

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ მედიკამენტების ფასების კონტროლის მიზნით, შეიმუშავა ე.წ. ფანასკერტელის ინდექსი. კომპანია ატარებს კვლევას და ყოველკვირეულ რეჟიმში აკვირდება 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასებს.

ამ კვლევების მიხედვით, მედიკამენტების ბაზარზე ბოლო 4 თვის განმავლობაში ფასები იკლებს.

აღნიშნულ საკითხზე ვესაუბრეთ ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარეს, თინათინ ტურძილაძეს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მედიკამენტების ბაზარზე ბოლო 4 თვის განმავლობაში ფასები იკლებს. რამდენად ეთანხმებით თქვენ ამ კვლევის შედეგებს, მართლაც დაიკლო თუ არა წამლების ფასმა? 

აღნიშნული  კვლევა აჩვენებს  ბაზარზე სამომხმარებლო ფასის ცვლილების გარკვეულ დინამიკას. ეს მონაცემები ჩემთვის საკმარისი არ არის ფასის კლების დასკვნის ექსტრაპოლაციისთვის. თუმცა, ამ და სხვა  ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ  წამლის ფასების ეროზიის ნიშნები თვალსაჩინოა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს პროცესები მარტივად არ მიდის. წამლების ნაწილი, ალბათ, ის ნაწილი, რომლის იაფი გენერიკებიც ბაზარზე შევიდა,გაიაფდა.

პარალელურად, აიწია ფასმა ქართული ბაზრის იმ ე.წ. ბლოკბასტერებზე, რომლის სეგმენტშიც კონკურენცია არ დაწყებულა. სავარაუდოდ, ამ პროდუქციით შეეცდება ბიზნესი„დანაკარგის“ ანაზღაურებას.ისიც გასათვალისწინებელია, რომ  ჰოლდინგების „სააფთიაქო ქსელებისთვის“ პრიორიტეტად საკუთარი პროდუქციის გაყიდვები რჩება. გასაგებია, რომ ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის კონკურენტი პროდუქციის საცალო რეალიზაციას. დაიწყო საკმაოდ წინააღმდეგობრივი პროცესები.

ანუ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის  „ჰუმანითი ჯორჯიას“ იაფი წამლების  ფაქტორმა იქონია ფასების შემცირებაზე გავლენა? 

დიახ, ეს მქონდა მხედველობაში,  „ჰუმანითი ჯორჯიას“ იაფი გენერიკების  სტრატეგიას უკავშირდება ფასების ეროზიის დაწყება ქართულ ბაზარზე.

ზოგადად, ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა რა გავლენას ახდენს არსებულ მდგომარეობაზე?

ახალი მოთამაშის გავლენა ბევრ რამეზეა დამოკიდებული: ინვესტიციის მოცულობაზე, სტრატეგიაზე, სასაქონლო პორთფელზე…  „ჰუმანითის“ შემოსვლამდეც, ბაზარზე ათასობით ეკონომიკური აგენტი მუშაობდა, მაგრამ მათი გავლენა მათი სასაქონლო წილის პროპორციული იყო და არის.

„ჰუმანითი“, მისი დიდი სასაქონლო პორთფელის და არჩეული სტრატეგიის გამო, სავარაუდოდ, არსებითად შეცვლის ქართული ბაზრის პეიზაჟს. ეს ცვლილებები წარმატებული იქნება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კვალიფიციურად და ვალიდურად გაიმიჯნება გენერიკი და სიმილატი. თუ გამიჯვნის ამოცანა წარმატებით შესრულდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამოცანა შესრულდა. რაც შეეხება  კომპანიებს, რომლებიც აქამდე ქმნიდნენ ქართული ბაზრის ლანდშაფტს…

შესაძლებელია, მათი ნაწილის რეორიენტირება მოხდეს ბრენდულ სეგმენტზე და კერძო დაზღვევით რეიმბურსირებაზე. ნაწილი კვლავ დარჩება იაფი გენერიკების სექტორში, ოღონდ მოუწევთ, ეს წამლები გენერიკის ფასებად გაყიდონ და არა ორიგინალის ფასად. ასეთი მოდელით ბიზნესი კონკურენციის რეჟიმში ხვდება, საზოგადოება და სახელმწიფო კი მოგებული რჩება. ძალიან საინტერესო პროცესები მიდის…

როგორ შეაფასებთ სახელმწიფოს არჩევანს, რომ რეგულაციების ნაცვლად, ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლით თავისუფალმა კონკურენციამ თავად უზრუნველყოს ფასების დაწევა მედიკამენტებზე? 

ჩვენი მიზანი არც ბაზრის თავისუფლებაა  და არც მისი რეგულირება. ჩვენი მიზანი ეფექტიანი და ხარისხიანი წამლის ხელმისაწვდომობაა. ამ მიზნის მისაღწევი ამოცანაა რეგულაციის და კონკურენციის რაციონალური კომპლექსი. ამ ეტაპზე ფარმაცევტულ ბაზარზე „კონკურენციის ინექცია“ გაკეთდა. ეს სწორია, მაგრამ საკმარისი არ არის… სწორია იმდენად, რამდენადაც გვჭირდება ხარჯების შემცირება. არასაკმარისია რეალური ხელმისაწვდომობისთვის, რამდენადაც დადასტურებული ეფექტურობის გენერიკი უსაზღვროდ ვერ გაიაფდება.

მოსახლეობას აუცილებლად დასჭირდება ფინანსური მხარდაჭერა წამლის კომპონენტში. ამიტომ რეიმბურსაციის გზით იქნება, თუ სუბსიდირებით, თანადაფინანსების სქემები უნდა ამუშავდეს. ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ ფასრეგულაციის ინსტრუმენტიც გამოიყენოს. ამ ეტაპზე ბაზარზე ფასების თერაპია იაფი გენერიკებით მიდის – მიზანი  მონოპოლიური ფასების ეროზიაა, თეორიულად ეს სქემა სწორია, თუმცა არსებული ბიზნესმოდელების პირობებში, ეს წინააღმდეგობრივი პროცესებია.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …