მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » თიკო ცომაია: მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატია
ძალიან მაღალი ფასნამატი აქვს მედიკამენტებს,ფარმაცევტული კომპანიები დაბალფასიან მედიკამენტს ძვირად ყიდიან. ეს უსამართლობაა პაციენტების მიმართ - თიკო ცომაია .

თიკო ცომაია: მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატია

თბილისი (GBC) – ჯანდაცვის სექტორში მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასები პრობლემად რჩება. ხშირად ადამიანებმა დიაგნოზი იციან, თუმცა უსახსრობის გამო მედიკამენტოზურ მკურნალობას ვერ აგრძელებენ. მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის პრობლემას მედიამკვლევარი და ლექტორი თიკო ცომაია გამოეხმაურა.

მისი თქმით, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მედიკამენტები არ არის ხელმისაწვდომი, თანაც არ ვიცით როგორი ხარისხის მედიკამენტს მოვიხმართ.

„ჯანდაცვის სამინისტრომ  პირველადი ჯანდაცვის რეფორმა რამდენჯერმე დააანონსა და ეს ძალიან კარგია, თუმცა საინტერესოა ბევრი ნიუანსი, მათ შორის მედიკამენტების ხარისხი და მასზე გაზრდილი ფასები საქართველოში. მიმაჩნია,  რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელზეც უნდა იზრუნოს სამინისტრომ. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანი მიდის ექიმთან, ის უნიშნავს წამალს, რომელიც ან არ არის ხელმისაწვდომი, ან ხარისხი  არ არის დამაკმაყოფილებელი.

რეალურად „კურაციოს” კვლევამ გამოავლინა წამლის ეფექტურობის და ხარისხის თვასაზრისით, რომ არ არსებობს საქართველოში არავითარი ბერკეტი დადასტურებულად ვიცოდეთ თუ რა ტიპის, ხარისხის და ეფექტურობის მქონე მედიკამენტებთან გვაქვს საქმე. მეორე პრობლემაა, პაციენტი ექიმის მიერ დანიშნულ წამალს ვერ ყიდულობს, ან ყველაფერს ყიდის და პრაქტიკულად, ათასობით ლარს ჯიბიდან იხდის. ექიმთან მისვლა და გამოკვლევის დაფინანსება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ხელმისაწვდომობა და ხარისხიანი მედიკამენტია. გარდა ამისა, ძალიან მაღალი ფასნამატი აქვს მედიკამენტებს, რეალურად ფარმაცევტული კომპანიები დაბალფასიან მედიკამენტს საკმაოდ  ძვირად ყიდიან. ეს უსამართლობაა პაციენტების მიმართ,” -მიაჩნია თიკო ცომაიას.

ამასთან, აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ერთის მხრივ ხარისხი და მეორეს მხრივ – ფასი.

„მოქალაქეები დარჩენილი ვართ, საკმაოდ, მოქნილი ინდსუტრიის წინაშე და ადამიანისთვის სასიკეთოდ ცოტა რამ ხდება. ბოლო კაპიკებს რაში იხდიან მოქალაქეები, უნდა იცოდნენ. ფასების დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებთან მიმართებაში. ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადება აქვთ.

საქართელოში ამ დაავადებების სამკურნალო პრეპარატი თუ ღირს 700 ლარი, თურქეთში სამჯერ ნაკლებია, მიდიან და იქ ყიდულობენ. თუმცა ამის საშუალება ხომ უმეტესობას არ აქვს ქვეყანაში. წამლებთან დაკავშირებით საქართველოში არის სრული აურზაური და ამ სისტემაში პაციენტი საერთოდ არ არის დაცული არაფრისგან. ეს არის სიმართლე. ჯანდაცვის სამინისტროს ცდილობს სასიკეთო ნაბიჯების გადადგმას, თუმცა მიმაჩნია, რომ საჭიროა მნიშვნელოვან თემებზე ღია დისკუსიები და გამჭვირვალობა. როდესაც იგეგმება რეფორმა, მეტი ღიაობა და ჩართულობა უნდა იყოს სფეროს სპეციალისტების მხრიდან”, – აცხადებს  ცომაია.

gbc.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …