მთავარი » ახალი ამბები » თეიმურაზ მაისურაძე: კონკურენციის ზრდა ადგილობრივი კლინიკების მიმართ ნდობას გაზრდის
თეიმურაზ მაისურაძე საუბრობს ფორმაზე, რომლითაც რესპუბლიკური, ყოფილი ონკოლოგიური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოების მართვა იგეგმება

თეიმურაზ მაისურაძე: კონკურენციის ზრდა ადგილობრივი კლინიკების მიმართ ნდობას გაზრდის

 

საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც თბილისის სამი მსხვილი საავადმყოფოს რეაბილიტაციას ითვალისწინებს, მალე დასრულდება.

ბოლო ეტაპზე გასულია ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK, Keppie, The Health Partnership, FESP.

ტენდერის პირობებით, იგეგმება სამი საავადმყოფოს რეაბილიტაცია, აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო პერსონალის გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.ლაპარაკია თბილისის სამ საავადმყოფოზე: რესპუბლიკური, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, იგივე ყოფილი ონკოლოგიური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები. 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის“ წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ მაისურაძე საუბრობს იმ ფორმაზე, რომლითაც ზემოთჩამოთვლილი კლინიკების მართვა იგეგმება:

„მე შემიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვა, რადგან რამის მტკიცება გამიჭირდება. ჩვენ არა გვაქვს კერძო და საჯარო სფეროს ერთად საქმიანობის გამოცდილება. შესაძლოა, ეს ალიანსი ჯანდაცვის ბაზარზე კარგი კონკურენტი აღმოჩნდეს სხვა სუბიექტებისთვის. რაკი ასეთი შემადგენლობა იქნება, ვგულისხმობ სახელმწიფოს და კერძო სექტორს, ნაკლებსავარაუდოა, რომ მსგავსმა სტრუქტურამ კარტელურ გარიგებებში მიიღოს მონაწილეობა, რაც დღეს ჩვენს ბიზნესსექტორში, ნამდვილად, არ გვაკლია.

ხდება გარიგებები, როცა სადაზღვევო კომპანიები და კლინიკები ბაზარს იყოფენ თანაბრად. შესაბამისად, ბევრი შენიშვნა დაგროვდა ამ სისტემის მიმართ. ხშირად, მოქელაქეს უტარდება ისეთი სერვისი, რაც სინამდვილეში არ არის საჭირო. არც თუ იშვიათად, კერძო დაზღვევა უარს ეუბნება დაზღვეულს დაფინანსებაზე, ხოლო როდესაც საქმე სახელმწიფო დაფინანსებას ეხება, კლინიკები ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მეტი მომსახურება გაუწიონ პაციენტს.

მიზეზი გასაგებია: გადამხდელი ამ შემთხვევაში არის სახელმწიფო. ეს ორი უკიდურესად განსხვავებული მიდგომა ერთად შეიძლება, საინტერესო აღმოჩნდეს. ვფიქრობ, ღირს სახელმწიფოს ჩარევა და სიტუაციის გამოცდა.სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო შეძლებს, თავისი აქციები უფრო მეტ ფასად გაყიდოს, ვიდრე თვითონ დახარჯა.

მგონია, საინტერესო იქნება ასეთი მიდგომა, რადგან ეს არის ახალი პროდუქტი და შესაძლებელია,ამ მიდგომამ სხვა მოთამაშეები აიძულოს, კონკურენტულები გახდნენ ამ ბაზარზე“, – აცხადებს თეიმურაზ მაისურაძე.

იგი ეხმაურება სხვა საკითხსაც – ადგილობრივად შექმნილმა მსხვილმა სამედიცინო ბაზამ შესაძლოა, შეამციროს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასულ პაციენტთა რაოდენობა:

„დარჩებიან თუ არა პაციენტები და ადგილობრივად მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას, ეს საკითხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაართმევს ახალი სისტემა და გარემოება თავს თანამედროვე მოთხოვნებს. თუ გათვალისწინებული იქნება მომხმარებლის ინტერესები, გაწეული სერვისი და სისტემაში შემოსული კონკურენტული გარემო ნამდვილად იქნება ორიენტირებული კლიენტზე, მაშინ აღარ დასჭირდებათ პაციენტებს სხვა ქვეყანაში წასვლა.

ჩვენც გვყავს კარგი სპეციალისტები, მაგრამ ჩვენთან არაჯანსაღი კონკურენციაა და სისტემა არ არის ორიენტირებული მაღალკვალიფიციურ მომსახურებაზე. თუ კონკურენცია გაიზრდება, გაიზრდება მომსახურების ხარისხიც და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება ნდობა მომხმარებელში ადგილობრივი კლინიკების მიმართ“, – აღნიშნავს თემურ მაისურაძე.

 

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …