მთავარი » ახალი ამბები » თბილისის მერია ძუძუს კიბოს ადრეული მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამას იწყებს
ჩვენს თანამოქალაქეებს პირველი თებერვლიდან საშუალება ექნებათ ჩაერთონ პროგრამაში და თბილისის მერიისგან მიიღონ დაფინანსება ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობისათვის

თბილისის მერია ძუძუს კიბოს ადრეული მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამას იწყებს

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური იწყებს ძუძუს კიბოს ადრეული  მკურნალობის დაფინანსების  ახალი ქვეპროგრამის განხორციელებას.

სიახლე დღეს ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააცნო. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია და მისი მიზანია ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და მკურნალობის კურსის ჩატარება.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს (HER2-დადებითი) ძუძუს კიბოს (I-III სტადია) მქონე პირებისთვის პრეპარატ ჰერცეპტინის დაფინანსებას.

„პირველი თებერვლიდან თბილისის მერია იწყებს უპრეცენდენტო პროგრამის განხორციელებას, რომელიც ძუძუს კიბოს ადრეული მკურნალობის დაფინანსებას შეეხება.ძუძუს კიბოს ადრეული  მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამა ითვალისწინებს აღნიშნული დაავადების მქონე პირთათვის პრეპარატი ჰერცეპტინის დაფინანსებას. სახელმწიფოს მიერ ამ პროგრამის განხორციელება უპრეცედენტო შემთხვევაა და თბილისის მერია იქნება პირველი, ვინც აღნიშნულ პროგრამას განახორციელებს.

მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს 80%-ით. შესაბამისად, ამ უპრეცენდენტო პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუმცირებს ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის ხარჯებს, პარალელურად კი, 40-45%-ით შეამცირებს რეციდივის რისკს, გაზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ადრეულ სტადიაში განკურნებასაც განაპირობებს.

როგორც ხედავთ, ეს გახლავთ საკმაოდ მასშტაბური და საჭირო მომსახურება, აღსანიშნავია, რომ მსგავსი შესაძლებლობა თბილისელებს არასოდეს ჰქონიათ, შესაბამისად, ჩვენს თანამოქალაქეებს პირველი თებერვლიდან საშუალება ექნებათ ჩაერთონ პროგრამაში და თბილისის მერიისგან მიიღონ დაფინანსება ძუძუს კიბოს ადრეული მკურნალობისათვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერია, ქვეპროგრამის ფარგლებში, პაციენტებს პრეპარატის მაქსიმუმ 1 წლიანი კურსისთვის საჭირო თანხას აუნაზღაურებს. ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს 80%-ით.

ქვეპროგრამაში ჩაერთვებიან, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ძუძუს კიბოს დიაგნოზი (I-III სტადია) აქვთ და უნდა ჩაუტარდეთ ნეოადიუვანტურ/ადიუვანტური მკურნალობა.

ქვეპროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარის ერთწლიანი კურსი (13 ფლაკონი ჰერცეპტინი) სოციალურად დაუცველ პირთა შემთხვევაში 35 100 ლარით დაფინანსდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში – 28 080 ლარით.

medianews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …