მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ემერჯენსის განყოფილება პაციენტებს კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
რა მომსახურებებს სთავაზობს განახლებული დეპარტემენტი პაციენტებს? – ამასთან დაკავშირებით, ”თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” ახალ ხელმძღვანელს, ვახტანგ კალოიანს ვესაუბრეთ.
– ბატონო ვახტანგ, როგორც ცნობილია, ”თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” ემერჯენსის განყოფილება აქამდეც ფუნქციონირებდა. რატომ გახდა დეპარტამენტის განახლების საჭიროება, რა ცვლილებები განიცადა მიმღებმა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა?
– ემერჯენსს, ანუ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას, მძიმე კომპლექსური პაციენტების მკურნალობაში ძალიან დიდი როლი აკისრია. ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია პაციენტისთვის მრავალი მაღალტექნოლოგიური კვლევის ოპერატიულად, ერთ სივრცეში მიწოდება. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, ან მძიმე სენით შეპყრობილი პაციენტებისთვის. ამდენად, გაზრდილი, გამართული, გადაუდებელი მედიცინის განყოფილების გახსნის საჭიროება დადგა. აქ იყო ემერჯენსი, რომელიც გადაიარაღდა და გაიზარდა.
– რა ღონისძიებები გატარდა ” თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” მიმღებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განახლებისათვის?
– შეიცვალა დიზაინი. აქცენტი ავიღეთ თითოეული პაციენტისთვის პერსონალური სივრცის შექმნაზე. თითოეულ პაციენტს, გამოყოფილი აქვს სხვებისგან იზოლირებული სივრცე, არსებობს შესაბამისი სამეთვალყურეო სისტემა, რის მეშვეობითაც სამედიცინო პერსონალი ახერხებს პაციენტის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, ჩარევას.
– რა მომსახურებას სთავაზობს განახლებული ემერჯენსის განყოფილება პაციენტებს?
– ყველა მწვავე პათოლოგიის და არა მხოლოდ მწვავე პათოლოგიის მქონე პაციენტებს მომსახურების სრულ სპექტრს ვთავაზობთ. დაწყებული ბანალური, ზედაპირული ჭრილობებიდან, დამთავრებული მძიმე, რთული კარდიოვასკულარული, ნეირო თუ ზოგადი ქირურგიული პათოლოგიებით. ეს არის ადგილი, სადაც დროის მოკლე მონაკვეთში ხდება მაქსიმალური კვლევების ჩატარება, უმოკლეს დროში დიაგნოზზე გასვლა და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა. რა თქმა უნდა, ეს განყოფილება მუშაობს მუდმივად, კვლევის მეთოდები აქტიური და ხელმისაწვდომია 24 საათი, კვირაში 7 დღე.
– როგორც ცნობილია, აპარატურის გადაიარაღება მოხდა. რა ტექნიკით აღიჭურვა გადაუდებელი დახმარების ცენტრი?
– პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების სამეთვალყურეო აპარატების, ხელოვნური სუნთქვის, ექოსკოპიის აპარატების შეძენა მოხდა, განახლდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ენდოსკოპიური აპარატურა, აღარ დარჩა მწვავე ნოზოლოგია, რომლის სერვისსაც პაციენტი ამ განყოფილებაში ვერ მიიღებს.
– ერთდროულად რამდენი პაციენტის მომსახურებას შეძლებს ემერჯენსი?
– ერთდროულად სხვადასხვა სიმძიმის მქონე 22 პაციენტი შეიძლება მიიღოს ემერჯენსმა. გადაუდებელი, ექსტრემალური კატასტროფის პირობებში, ეს რაოდენობა, შეიძლება ორჯერაც გაიზარდოს.
– რაც შეეხება კადრებს, რა კვალიფიკაციის მქონე პერსონალია დასაქმებული განახლებულ დეპარტამენტში?
– კადრები კვალიფიციურია, ეს არის გადაუდებელი მედიცინის ექიმების პირველი ჯგუფი, რომელთაც გადამზადება ემორის საუნივერსიტეტო კლინიკის (აშშ, ატლანტა) გადაუდებელი პროგრამის ფარგლებში გაიარეს. აღნიშნული პროგრამა საქართველოში ფუნქციონირებდა და წელიწადში გადაუდებელი მედიცინის 7 ექიმის გადამზადება ხდებოდა. ყველა ექიმი კვალიფიციურია, რომელსაც აქვს პირველი სპეციალობა – ქირურგია, კარდიოლოგია, ზოგადი რეანიმაცია, ანესთეზიოლოგია, პლიუს, მათ გაიარეს გადამზადების საკმაოდ დიდი სკოლა. დეპარტამენტში ხუთი ბრიგადა მორიგეობს, თითოეულ ბრიგადაში ერთი გადამზადებული ექიმია. ბრიგადაში 12 ადამიანია.
– ჩართულია თუ არა კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ემსახურებით თუ არა, კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციარებს?
– ვემსახურებით ყველა პაციენტს, დაზღვეულს, თუ დაუზღვეველს, იფარება, თუ არ იფარება საყოველთაო, თუ კერძო სადაზღვევო პაკეტებით. ვემსახურებით ყველა პაციენტს, რომელსაც აქვს გადაუდებელი მდგომარეობა, არის ის საქართველოს მოქალაქე, თუ არა. შეზღუდვა განყოფილებას არ აქვს, ვინ რომელი პაკეტის მფლობელია, ვინ რომელი ბრძანების ქვეშ არის. მთავარი განმსაზღვრელი გადაუდებელი მდგომარეობა, დიაგნოზია. მომართვიანობა ხდება თვითდინებით, სასწრაფოთო, ასევე, სხვა კლინიკებიდან.
– ჩვენ ვისაუბრეთ განახლებულ დეპარტამენტზე, თუ შეიძლება, მოკლედ გვითხრათ, ზოგადად, რა მომსახურებებს სთავაზობს თბილისის ცენტრალური საავადმყოფო პაციენტებს და რა განასხვავებს მას კონკურენტებისგან?
– თბილისის ცენტრალური საავადმყოფო არის მულტიპროფილური კლინიკა, რომელიც პაციენტებს სთავაზობს ყველა სერვისს, რაც საქართველოში არსებობს, გარდა, სამეანო და პედიატრიული სერვისებისა. ჩვენს დაწესებულებას კონკურენტებისგან განასხვავებს ორი რამ, – მიზანმიმართულად დატრენინგებული სპეციალისტები, რომლებიც დატრენინგებული არიან პაციენტის მულტიდისციპლინურ გუნდურ მართვაში. ეს არ არის ცალკეულ ვარსკვლავთა კრებული, ეს არის ვარსკვლავთა გუნდი, რომელიც გუნდურად მკურნალობს პაციენტს. ასეთი სერვისი სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათობაა. მეორე განმასხვავებელია – ტექნოლოგიები.
ჩვენთან ქირურგიული ჩარევების დიდი უმრავლესობა ლაპარასკოპიით კეთდება. ღია ქირურგიას რა თქმა უნდა, მისი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს, თუმცა, ჩარევების 80% ლაპარასკოპიული გზით ხორციელდება. ამასთან, რეალურად, ჩვენ ვართ ერთადერთი კლინიკა, რომელიც გასახდომ ოპერაციებს აკეთებს ლაპარასკოპიით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კლინიკა არის ჰოლდინგის შემადგენლობაში, რომელიც სამ დაწესებულებას აერთიანებს, ესენია – ”თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო”, ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი და სამედიცინო ცენტრი ”ინოვა”.