რა სიხშირით უნდა ჩაიტაროს ადამიანმა სტომატოლოგიური გამოკვლევები და ქართულ პრაქტიკაში რამდენად ხდება ამ წესების დაცვა?
ჩვეულებრივ შემთხვევაში, თითოეული ჩვენგანი სტომატოლოგს 6 თვეში ერთხელ უნდა მიმართავდეს. 6 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს პირის ღრუს პროფესიული წმენდა და მოხდეს დათვალიერება. ასეთი პრაქტიკა ჩვენთან ნაკლებადაა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთია ფინანსური ხელმისაწვდომობა და, თავის მხრივ, სადაზღვევო პაკეტებითაც, რიგ შემთხვევაში, ამ პროცედურის ანაზღაურება წელიწადში ერთხელ ხდება.
გარდა ამისა, არის სხვა რიგის პრობლემებიც – პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნაკლებად ითვლება პრიორიტეტულად და მისი მნიშვნელობის გააზრება, როგორც წესი, მაშინ იწყება, როცა უკვე სერიოზული პრობლემები აღინიშნება და სერიოზული პრობლემის მოგვარებაც დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
WHO-ის 2003 წლის ანგარიშის მიხედვით, პირის ღრუს დაავადებები მეოთხე ადგილზეა იმ დაავადებებს შორის, რომელთა მკურნალობა, რიგ შემთხვევებში, კატასტროფულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
ამ დამოკიდებულების საფუძველი წარსული გამოცდილება და დაბალი ინფორმირებულობაა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, მშობელთა სკოლები, პედიატრები ჩართულები უნდა იყვნენ ბავშვის პირის ღრუს მოვლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განმტკიცების პროცესში, სწორად და კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებული მშობლები და მათი ექიმები, რომ დროულად მოხდეს ბავშვების პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სტომატოლოგთან ადრეული ვიზიტები, მოვლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ძვრები გვაქვს. გაეროს ბავშვთა ფონდმა არაჩვეულებრივი სახელმძღვანელო მოამზადა – გზამკვლევი აღმზრდელებისთვის, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის აქტივობები, რომლებიც ბავშვებს შესაბამისი უნარების გამომუშავება/განმტკიცებაში დაეხმარებათ. “World Vision საქართველომ” კი ამ მიმართულებით პილოტური პროგრამა აამოქმედა დასავლეთ საქართველოში.
World Vision-ის იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში პირის ღრუს და ხელების ჰიგიენური მოვლის და სწავლების მეთოდების შესახებ ტრენინგი ჯერ საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, აღმზრდელის თანაშემწეებსა და ექთნებს ჩაუტარდათ, შემდგომ კი ბაღებში სააღმზრდელო პროცესის სუპერვიზია განხორციელდა.
მინდა გითხრათ, რომ პირადად მე სუპერვიზიის შედეგებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მოტივაცია ძალიან დიდია როგორც ბაღის პერსონალის, ისე ბავშვებისა და მშობლების მხრიდან. მჯერა, რომ ეს ბავშვები რომ გაიზრდებიან, მათ პირის ღრუს ჯანმრთელობისა და მოვლის შესახებ ისეთი დამოკიდებულება ექნებათ, როგორიც ჩვენ არ გვქონია. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, კვლევების თანახმად, ბავშვთა ასაკში კარიესის მკურნალობაში დახარჯული თანხა მათ მთლიან სამედიცინო დანახარჯებს შეიძლება უტოლდებოდეს.
სტომატოლოგიური დაზღვევის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებულ სერვისებში, როგორც წესი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი. თქვენი დაკვირვებით იყენებენ თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების იმ შემოთავაზებებს, რაც სადაზღვევო პაკეტის მიხედვით არის გათვალისწინებული?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტომატოლოგიური მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებაა და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ნაკლებად ხდება მისი ანაზღაურება და სადაც ხდება, ლიმიტები არის ძალიან დაბალი. მსოფლიოს მასშტაბით, სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება რეგიონის / ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის შესაბამისად იცვლება და განსხვავებულია, მაგრამ შეგვიძლია ზოგად ტენდენციებზე ვიმსჯელოთ.
ძირითად, ევროპის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძო სადაზღვევო კომპანიები დაზღვეულებს სტომატოლოგიური მკურნალობის ანაზღაურებას არ სთავაზობენ ან თუ სთავაზობენ, მხოლოდ გადაუდებელ დახმარებას. გადაუდებელ დახმარებაში შეიძლება ტკივილის კუპირება ან/და ლითონის ამალგამით დაბჟენა იგულისხმებოდეს.
ლითონის ამალგამა ერთი ან რამდენიმე ლითონის შენადნობია ვერცხლისწყალთან და გამოირჩევა სიმყარითა და გამძლეობით, მაგრამ პაციენტებს ესთეტიკური დისკომფორტი აწუხებთ. ამალგამის ბჟენი ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი სტომატოლოგიური პროდუქტია და ფართოდაა გავრცელებული იმ ქვეყნებში, სადაც ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამები მოსახლეობის ფართო მასებს მოიცავს.
პაციენტი სადაზღვევო კომპანიის მიერ ინფორმირებულია სერვისის შესახებ და სტომატოლოგთან ვიზიტის დროს გადაჭარბებული მოლოდინები არ გააჩნია. განსხვავებით ჩვენგან. საქართველოში ამალგამა ფაქტობრივად აღარ გამოიყენება, თუმცა დაზღვევით მოსარგებლეებს მისი 100%-იანი პაკეტის რეალური ღირებულების შესახებ ინფორმაცია ნაკლებად აქვს.
კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის თანამშრომლობის დაწყებისას დგება ალტერნატიული “ფრაის ლისთი”. ფასები, კლინიკის ტრადიციულ ფასებთან შედარებით, 20, 40 ან უფრო მეტი პროცენტით დაბალია. შესაბამისად, ეს არაა ის სერვისი, რომელსაც კლინიკა, სხვა შემთხვევაში, თავის მომხმარებელს სთავაზობს. ეკონომია რის ხარჯზე მოხდება, ეს მენეჯმენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სწორედ აქ ჩნდება გადაჭარბებული მოლოდინებისა და მიღებული მომსახურებით კმაყოფილების პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს ყველა კლინიკას და სადაზღვევო კომპანიას არ ეხება.
რაც შეეხება პაკეტებსა და გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურებით სარგებლობას – კი, უმეტესად სარგებლობენ, თუმცა ეს პაკეტები რამდენადაა თანხვედრაში პროტოკოლთან, ეგაა სადავო საკითხი. ბოლო წლებში ვითარება შედარებით შეიცვალა.
საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევაში სტომატოლოგიური სერვისების არსებობა, ფაქტობრივად, დაზღვევის განვითარებასთან ერთად დაიწყო, თუმცა 2013 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სტომატოლოგიური სერვისების განვითარება სადაღვევო კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინაიდან, სტომატოლოგია სახელმწიფო პროგრამის მიღმა აღმოჩნდა.
მიუხედავად ამისა, სულ უფრო მეტი სტომატოლოგიური კლინიკა აცხადებს უარს სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობაზე. თანამშრომლობის შეწყვეტის ყველაზე ხშირი მიზეზი სერვისების დაბალი ფასია. სტომატოლოგიური ბაზრის განვითარებასთან ერთად იზრდება გამოყენებული მასალებისა და ინსტუმენტების ღირებულებაც.
ბაზარზე გამოჩნდნენ სტომატოლოგიური კლინიკები, რომლებიც დიდ რესურსს დებენ სერვისების დახვეწასა და განვითარებაში, რამაც პაციენტების მოლოდონებიც გაზარდა. მზარდი მოლოდინებისა სერვისების ხარისხის პროპორციულად გაზრდილი დანახარჯები კი სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, როგორც წესი, ადეკვატურად არ ანაზღაურდება. ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, როგორც სადაზღვევო კომპანიებმა, ისე სტომატოლოგიურმა კლინიკებმა ახალი სერვისების, პროექტების, პაკეტებისა და შეთავაზებების შემუშავება დაიწყეს.
სტომატოლოგიური მომსახურება ყოველთვის იყო, არის და იქნება ძვირადღირებული მომსახურება. საქართველოში ფასებმა ზრდა ბოლო წლებში დაიწყო, თუმცა ტენდენცია რომ შენარჩუნდება, უდავოა, რაც სტომატოლოგიური მასალების და დამხმარე ტექნოლოგიების მუდმივ განვითარებას უკავშირდება.
განვითარების უწყვეტობა სერვისების ღირებულებას ბუნებრივად ზრდის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი ტექნოლოგიები და სამუშაო მასალებია ძვირი, არამედ იმიტომაც, რომ სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არაეფექტური მენეჯმენტი კონკურენტუნარუანობას კარგავს და მოსახლეობაში სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა იქმნება.
რამდენად ხშირია საქართველოში დაგვიანებული მიმართვიანობის გამო სტომატოლოგიური დაავადებების გართულების შემთხვევები?
ჩვენთან, როგორც წესი, მომართვები გართულების / ტკივილის გამო ხდება და არა გეგმიური გამოკვლევების მიზნით. ნელ-ნელა ფეხს იკიდებს 6 თვეში ერთხელ პროფესიული წმენდისთვის ვიზიტები, რაც ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს. სწორედ ამისთვის არსებობს პირის ღრუს ჰიგიენისტის პროფესია. ჩვენს სპეციალობათა ნუსხაში ჰიგიენისტი ჯერჯერობით არაა, თუმცა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტში ჩვენი მხარდაჭერით შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამა მომზადდა და მალე ბაზარზე პირველი ჰიგიენისტები გამოჩნდებიან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სტომატოლოგიური მომსახურების კუთხით თუ სარგებლობენ რაიმე სპეციალური შეღავათებით?
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სტომატოლოგიური მკურნალობისთვის არავითარი სპეციალური დაფინანსების სისტემა არ არსებობს. ზოგადად ესაა ერთ-ერთი რთული საკითხი როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში. შესაბამისად, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები ევროპის ქვეყნების ნაწილმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ წლების წინ გადადგა, როცა შეიქმნა სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის პროფესია, დაიწყო კვლევები, დაიწერა სახელმძღვანელოები, შეიქმნა ასოციაციები, გაიდლაინები და პროტოკოლები.
შეზღუდული შესაძლებლობის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები სტომატოლოგებთან ვიზიტის დროს ხშირად აწყდებიან სხვადასხვა ტიპის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ პრობლემებს, რომლებიც აღნიშნულ მომსახურებას მნიშვნელოვნად ზღუდავს ან, როგორც წესი, სრულებით მიუწვდომელს ხდის. ანუ, შეგვიძლია გამოვყოთ მომსახურების მისაწვდომობის სამი ძირითადი პრობლემა: არაადაპტირებული გარემო, ფინანსური ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის ნაკლებობით ან / და სხვა მიზეზით გამოწვეული არც ისე პოზიტიური დამოკიდებულება და ნეგატიური სოციალური სასურველობა.
ფინანსური საკითხი მაინც ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ვინაიდან განვითარების დარღვევების, სხვადასხვა მდგომარეობის მქონე პაციენტთა მომსახურება შეიძლება დამატებით დროს და რესურსებს მოითხოვდეს. სერვისის ღირებულება კი ჩატარებული მანიპულაციის მიხედვით განისაზღვრება და არა, მაგალითად, დახარჯული დროის მიხედვით. ეს ერთ-ერთი უმცირესი, თუმცა უმნიშვნელოვანესი საკითხია, რასაც სერიოზულ პრობლემამდე მივყავართ. ეს პრობლემა კი მომსახურებაზე უარის თქმაა.
ნათელი რომ მოვფინოთ რაზე ვსაუბრობთ, განვმარტავ, რომ სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია ის სერვისების ერთობლიობაა პაციენტებისთვის, რომელთათვისაც რუტინული სტომატოლოგიური მომსახურების მიღება პრობლემური ხდება მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, სამედიცინო, ემოციური, სენსორული, სოციალური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების / მდგომარეობების გამო. მიმართულება აერთიანებს ბავშვთა სტომატოლოგიას და გულისხმობს ხანდაზმული მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებასაც.
შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირებისთვის სტომატოლოგიური სერვისების მიმართ წვდომის დაბალი დონე, არაერთი კვლევის თანახმად, სტომატოლოგიური განათლების სისტემაში განვითარების სხვადასხვა დარღვევების შესახებ არასაკმარისი დროის დათმობითაა გამოწვეული. ჩემი აზრით კი ესაა უპირველესი პრობლემა და უპირველესი განმსაზღვრელი ყველა იმ მიზეზისა, თუ რატომ ვერ ან არ შეიძლება მიიღოს პაციენტმა შესაბამისი მომსახურება.
ყოველ შემთხვევაში – საქართველოში და სწორედ ამიტომაა, რომ მაგ. დაუნის სინდრომის მქონე პაციენტების 30%-ს, ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის მქონე პაციენტთა 25%-ს, ცერებრული დამბლის მქონე პირთა 24%-ს და ა.შ. მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან, რაც, ბუნებრივია, ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ადამიანურად შეიძლება გასაგები იყოს, ვინაიდან, დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სტომატოლოგიური განათლება პრაქტიკულად არ შეიცავს შესაბამის სასწავლო მოდულებს და, ხშირ შემთხვევაში, ექიმი, რომელიც იწყებს თავის საექიმო საქმიანობას, პირველად ხედავს პაციენტს, რომელსაც შეიძლება განსაკუთრებული /სპეციფიკური ზრუნვა სჭირდებოდეს და ამ დროს უბრალოდ არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს.
რა სტანდარტების დაცვით ხდება ინფექციების კონტროლი სტომატოლოგიაში? ბოლო დროს განსაკუთრებით იმატა ცე ჰეპატიტის შემთხვევებმა, რასაც ხშირად სწორედ პაციენტის სტომატოლოგიურ დაწესებულებებში ვიზიტს და არასტერილური აპარატურით მომსახურებას უკავშირებენ. რა სიტუაციაა ამ კუთხით დღეს საქართველოში?
დღევანდელი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება თუნდაც 5 წლის წინანდელი მდგომარეობისგან. წლების მანძილზე სხვადასხვა რეგულაციები სტომატოლოგიურ დაწესებულებებზე არ ვრცელდებოდა. ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მიდგომა სწორია – ნაკლები რეგულაცია ნიშნავს ნაკლებ სახელმწიფოს კერძო ბიზნესში, რაც, წესით, ბიზნესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.
უკონტროლობამ მოგვიყვანა ქაოსამდე. ეს, ზოგადად, მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია და ვერც რეგულაციების ამოქმედების პირობებში ვხედავ კეთილსაიმედო გამოსავალს მანამ, სანამ მთელი სისტემა სახელმწიფოზე იქნება გადაბარებული და არ მოხდება უფლება-მოვალეობათა დელეგირება პროფესიულ გაერთიანებებზე, ვინაიდან, სახელმწიფოს უბრალოდ რესურსი არ ეყოფა თუნდაც მონიტორინგისთვის. თუმცა, ამ ეტაპზე, ამისთვის პროფესიული საზოგადოებაც რომ არაა მზად, ცხადია.
ინფექციების კონტროლის საკითხებიც ისეთივე დაურეგულირებელი იყო, როგორც ნარჩენების მართვის თუ სხვა მნიშვნელოვანი თემები. არ არსებობდა ადეკვატური მარეგულირებელი დოკუმენტები და გაიდლაინები. დღესდღეობით, ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ჩვენთან, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში, 4000-ზე მეტი სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენელი გადამზადდა ინფექციების კონტროლის საკითხებზე.
სასწავლო პროგრამას აკრედიტაცია ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ მიანიჭა. ტრენინგი კი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით დაიგეგმა და ხორციელდება. გადრა ამისა, დავამტკიცეთ ახალი გაიდლაინიც “ინფექციების კონტროლი სტომატოლოგიურ დაწესებულებებში”. შემოვიდა ბევრი სადენზიფექციო საშუალება და აქტიურად იყიდება B ტიპის ავტოკლავებიც (სასტერილიზაციო დანადგარი).
ჯანდაცვის სამინისტრომ აამოქმედა სავალდებულო შეტყობინების სისტემა, რათა ინფორმაცია გააჩნდეს სად და რამდენი სტომატოლოგიური დაწესებულება ფუნქციონირებს. ეტაპობრივად ახორციელებს მონიტორინგსაც. ობიექტურია რეალობა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ ნამდვილად შეიცვალა.
ზურაბ ალხანიშვილი, DMD, MPH, MBA
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი
“ალბიუსის” სტომატოლოგიური კლინიკების მართვის ხელძღვანელი