მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სტომატოლოგიურ კლინიკებში არარეგისტრირებული ინჰალაციური ანესთეზიის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა

სტომატოლოგიურ კლინიკებში არარეგისტრირებული ინჰალაციური ანესთეზიის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სტომატოლოგიურ კლინიკებში ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინჰალაციური ანესთეზიის გამოყენება იმ ექიმ-სტომატოლოგებისგან ხდებოდა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ. გარდა ამისა, აზოტის ქვეჟანგი საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული არ არის.  ფარმაცევტული პროდუქტები დაილუქა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ჩამოერთვა. უკანონო საექიმო საქმიანობისთვის კი 4 სტომატოლოგის საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს.

„დარღვევა გამოვლინდა 2 სტომატოლოგიურ დაწესებულებაში. ორივე დაწესებულება იყენებდა არარეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტს. გარდა ამისა, ორი დაწესებულებიდან ერთ-ერთში ინჰალაციურ ანესთეზიას არ ანხორციელებდნენ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები და შესაბამისად გამოიკვეთა უკანონო საექიმო საქმიანობა. აღნიშნულ ფაქტებზე შესაბამისი ოქმები გადაგზავნილია სასამართლოში. გარდა ამისა, უკანონო საექიმო საქმიანობისთვის, სტომატოლოგების საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს,“ – განაცხადა რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ.

როგორც jandacva.ge-მ გაარკვია, ერთერთი კლინიკა, სადაც მალხენის აირს გამოიყენებდნენ, „დენტოკლუბია.“ როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა ნათია რუსაძემ jandacva.ge-ს განუცხადა, მათ აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებაზე ნებართვა 2013 წლიდან აქვთ აღებული და მალხენის აირს პაციენტებს ანესთეზიოლოგი აძლევდა. თუმცა 5 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო ამ მეთოდის სანებართვო  დოკუმენტაციის განახლება, რაც, მისივე თქმით, პროდუქტის შემომტან მხარეს უნდა უზრუნველეყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ თითოეული მედიკამენტი საჭიროებს რეგისტრაციის განახლებას, ამ ეტაპზე კი აღნიშნულ პრეპარატს რეგისტრაცია არ აქვს, რისი გადამოწმებაც ნებისმიერ პირს, სააგენტოს ვებგვერდზე შეუძლია. მათივე განცხადებით, კლინიკის პასუხისმგებლობაა, არ გამოიყენოს არარეგისტრირებული პრეპარატი.

მალხენი აირი გამოიყენება ასევე ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში, რის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კლინიკის ვებგვერდზეა განთავსებული.

თუმცა რეგულირების სააგენტოს შემოწმების თემაზე კომენტარის მიზნით კლინიკასთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

მალხენი აირით მკურნალობა საქართველოში წლებია მიმდინარეობს. კლინიკების სარეკლამო ინფორმაციებში აღნიშნულია, რომ ესაა “მხიარული გაზი,” რომლის უპირატესობებია სტომატოლოგთან ვიზიტის შიშის და სტრესის სრულიად მოხსნა მსუბუქი სედაციის მიღწევით, ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებისას პაციენტი ვერ გრძნობს ნემსის ჩხვლეტას; პაციენტი გონებაზეა, ემორჩილება ექიმის მითითებებს და ხელს არ უშლის მკურნალობის პროცესს, აძლევს ექიმს მკურნალობის ჩატარების საშუალებას;  არ იწვევს მიჩვევას და სწრაფად (მიწოდების შეწყვეტიდან 3-5 წუთში) გამოდის ორგანიზმიდან, მისი გამოყენება რეკომენდებულია 5-6 წლის ასაკიდან.

ნათია რუსაძის განმარტებით, აირი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოიყენება და იმდენად სუსტი მოქმედება აქვს, რომ ორგანიზმს არანაირ ზიანს არ აყენებს.

სტომატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ალხანიშვილი ამბობს, რომ დარღვევები, რომლებიც სტომატოლოგიურ კლინიკებში დაფიქსირდა, პროცედურული ხასიათისაა, თავად მედიკამენტი კი ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებმაც მკურნალობა აღნიშნული აირის დახმარებით ჩაიტარეს, არავითარი რისკის ქვეშ არ დგას.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …